საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უზენაესი სასამართლოს მიერ, დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება:
„სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩვენ დავაკვირდებით პროცესების განვითარებას. მთავარი არის ის, რომ ვინც არ უნდა იყოს ტელევიზიის მეპატრონე, როგორც არ უნდა იყოს გადანაწილებული საკუთრებითი უფლებები მედიის სფეროში, იყოს დაცული მედიაპლურალიზმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ შორის, მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს მედიაში ხელისუფლების ოპონირება. ჩვენ გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე – იყო სამი ნაციონალური არხი, რომლებიც მთლიანად კონტროლდებოდა მაშინდელი მმართველი პარტიის – ნაციონალური მოძრაობის მიერ. ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი 2012 წლის შემდეგ. მედიაპლურალიზმი არის ის სიახლე და მიღწევა, რომელიც სწორედ ჩვენს გუნდს მიეწერება, პირველ რიგში.
აქედან გამომდინარე, ამ მიღწევას ვუფრთხილდებით განსაკუთრებულად. შესაბამისად, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში, როგორც არ უნდა განვითარედეს პროცესები, მედიაპლურალიზმი იყოს უზრუნველყოფილი და ყველა ტელეარხის თითოეული ჟურნალისტის ინტერესები იყოს დაცული. ჩვენ პარლამენტის უფლებამოსილებების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.