საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე სასჯელაღსრულების სამინისტროს თხოვნით მიმართავს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ზიარების უფლება მისცენ.
”არავის აქვს უფლება, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მიხედვით, შეუზღუდოს ადამიანს და არა მარტო მამა გიორგი მამალაძეს რელიგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება და განსაკუთრებით ისეთი ფუნდამენტური მოთხოვნილების დაკმაყოფილების, როგორიც ზიარებაა. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ასთმიან ადამიანს არ მისცე წამალი. მე ვერაფერ საშიშროებას ვერ ვხედავ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა შეიძლება მოითხოვოს ყველანაირი ნორმის დაცვა, თუმცა სასულიერო პირს, გნებავთ საერო პირსაც, აუცილებლად უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ეზიაროს. ეს მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რამ არის.
მე ვთხოვ, რომ რა თქმა უნდა, არ დაარღვიონ თავიანთი შიდადებულება, მაგრამ ეს არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო საქართველოს კანონმდებლობა, თავის მხრივ, არ შეიძლება ეწინააღდეგებოდეს ადამიანის საერთაშორისო უფლებებს, სადაც რელიგიური მოთხოვნილებები პირველ პლანზეა. ეს საერთოდ არ ეხება მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობა-არაბრალეულობის საკითხს. ძალიან ვთხოვთ, რომ ეს ელემენტარული მოთხოვნა დააკმაყოფილონ. ვფიქრობ, გადახედავენ თავის გადაწყვეტილებას, ჩვენ კანონისტები დავეხმარებით ამაში, რომ მოვძებნოთ სამართლებრივი გამოსავალი, თუ არსებობს სამართლებრივი პრობლემა”, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.
როგორც ცნობილია, დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული, ზიარების მიღებას ითხოვს, თუმცა ამ ეტაპზე მას ამის უფლება არ ეძლევა.