საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში “მთავარი თამარ ჩიქოვანთან” იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ უჩა ნანუაშვილი ვანო მერაბიშვილს სტრასბურგში მოწმედ დაუდგა.
“ოქტომბერში დიდი პალატის კოლეგიამ განიხილა მისაღები იყო თუ არა ჩვენს მიერ წარდგენილი არგუმენტები. იმავე დღეს იხილებოდა მსგავსი 28 საჩივარი. ამ 28 საჩივრიდან მხოლო ორი დაკმაყოფილდა, ერთ-ერთი იყო მერაბიშვილის საქმე.
ეს არის ძალინ იშვიათი გადაწყვეტილება, რომ დიდმა ინსტანციამ გადაუსინჯოს პირველ ინსტანციას გადაწყვეტილება. იმდენად იშვიათია, რომ მაგალითად 1998 წელს როცა დაიწყო სასამართლომ მუშაობა, დღემდე 5000 საქმეზე მიმართეს მთავრობებმა და მხოლოდ 160 საქმეზე დაკმაყოფილდა, რომ გასაჩივრებულიყო. ასე რომ, ეს უკვე იყო ჩვენი მხარის დიდი გამარჯვება ოქტომბერში.
შემდეგ, როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩატარდა გამოძიება, ეს გამოძიება ობიექტურად რომ შევაფასოთ, იყო ყოვლისმომცველი და საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო.
იმიტომ, რომ ყველა ის მოწმე, რომელსაც ასახელებდნენ, რომ მომსწრეა ან სმენია, ყველა მოწმემ უარყო და დარჩა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის მოწმედ ის, ვინც თავად აცხადებდა, რომ გაიყვანეს საკნიდან.
ჩვენ რას ველოდებით ამ სხდომიდან? 8 მარტს გაიმართება ზეპირი განხილვა დიდ პალატაში, რაც იმას ნიშნავს რომ საქმის განხილვა შედგება ნულიდან ყველა მუხლზე და საქმის ბედი გადაწყდება ძალიან მალე, იმიტომ რომ დიდი პალატა გადაწყვეტილებებს იღებს გაცილებით სწრაფად. თუმცა, წერილობითი და მოტივირებული გადაწვეტილება რამდენიმე კვირაში ან თვეში გამოგვიცხადდება.
მაგრამ, ეს არ არის მთავარი, მთავარი ის არის, რომ ჩვენ მივდივართ სტრასბურგში როგორც მხარე მყარი არგუმენტებით და სიახლე არის ის, რომ რამდენიმე დღის წინ, მეორე მხარეს, ვანო მერბიშვილის მხარეს ოფიციალურად, მის სასარგებლოდ, ჩვენს საწინააღმდეგოდ, სტრასბურგში მოწმედ დაუდგა ჩვენი ომბუდსმენი და მან გააგზავნა მოწმის ჩვენება ბატონი ოთარ კახიძის ხელით, რომელიც ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატია. ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის ომბუდსმენი მოწმედ გამოდის ვანო მერაბიშვილის საქმეზე. “-განაცხადა თეა წულუკიანმა.