ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომაზე დასწრება შეეძლოთ, მაგრამ არ დაესწრნენ”

თბილისის მერია განცხადებას ავრცლებს და საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს სიცრუის ტირაჟირებაში სდებს ბრალს:

 “თბილისის მერია საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, თითქოსდა, მათ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

 

გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეპუტატები ხელოვნურად ცდილობენ აჟიოტაჟის შექმნას. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს უფლება დაესწროს დედაქალაქის მთავრობის სხდომას, თუ სხდომა წინასწარ არ არის გამოცხადებული დახურულად და შესაბამისად, საკრებულოს წევრებსაც მიეცათ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დეპუტატებს თბილისის მერიისთვის სხდომაზე დასწრების მოთხოვნით წინასწარ არ მოუმართავთ, შესაბამისად, მას შემდეგ რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს წევრებს სურვილი ჰქონდათ დასწრებოდნენ სხდომას, საკითხი შეთანხმდა მთავრობის წევრებთან  და მათ ამის საშუალება მიეცათ.

 

მიუხედავად ამისა, დეპუტატები სხდომას არ დაესწრნენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი ქმედება მხოლოდ და მხოლოდ მედიისა და საზოგადოების წინაშე შოუს მოწყობას ემსახურებოდა.”-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატები თბილისის მერ დავით ნარმანიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავენ.
როგორც დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, საკრებულოს დეპუტატების თბილისის მთავრობის სხდომაზე არშეშვება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაა.

”ჩვენ ნახევარი საათის განმავლობაში მოვითხოვდით, რომ შესრულებულიყო კანონი. არსად წერია, შემოგიშვებთ, არ შემოგიშვებთ. აქ მოვედით და უნდა შევსულიყავით დაუბრკოლებლად. კანონზე მაღლა დგას ნარმანია? არავის სახვეწარი არ არის შეგვიშვან თუ არა. არის კონკრეტული კითხვები, რატომ მოპარეს თბილისის მოსახლეობას მილიონი და რატომ ჩაუდეს ვიღაც ტიპს ჯიბეში. ისინი ვალდებულები იყვნენ, რომ დაუბრკოლებლად გავეტარებინეთ. ასე ელაპარაკოს თავის ოჯახის წევრებს ნარმანია. თავის ბიძაშვილ-მამიდაშვილებს აუკრძალოს და მერე მისცეს ნება მერიაში შესვლის”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის საკრებულოს 6 დეპუტატი გუშინ მერიაში მივიდა. ისინი მთავრობის სხდომაზე დასწრებას ცდილობდნენ, თუმცა მერიაში შესვლის საშუალება არ მიეცათ. რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ დეპუტატებს სხდომაზე შესვლის შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა მათ უარი თქვეს და მერია დატოვეს.

იტვირთბა....