“აღნიშნული ციანიდი, მომწამვლელი ნივთიერება, მამა გიორგის თავის ჩანთაში, თავის ხელით არ ჩაუდია. შესაბამისად ამაზე ვიმსჯელებთ შემდეგში და ჩვენ ჩვენს პოზიციას დავუმტკიცებთ, პროკურატურამ კი თავისი პოზიცია დაგვიმტკიცოს,“ – ამის შესახებ დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული გიორგი მამალაძის დაკითხვა ე.წ. მატროსოვის ციხეში 13:00 საათისთვის განახლდება.
ადვოკატები აცხადებენ, რომ გიორგი მამალაძე პასუხობს ორ ძირითად კითხვას ციანიდსა და უნომრო იარაღზე.
შეგახსენებთ, გუშინ მიმდინარე დაკითხვისას მამა გიორგი მამალაძემ პროკურატურისგან ოჯახის წევრთა დაცვა მოითხოვა. რამიშვილის განცხადებით, ამ მოთხოვნით დაცვის მხარე დღეს პროკურატურას ოფიციალურად მიმართავს.
ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ის მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული.