ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“არ გამოვრიცხავ დამაკავონ”: პატრიარქის დაცვის უკვე ყოფილი უფროსი დუმილს არღვევს

პატრიარქის დაცვის უკვე ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ აღარ არის პატრიარქის დაცვის უფროსი, აცხადებს, რომ ყველაფერი გარედან მართულს ჰგავს.

“არ შეიძლება შიგნიდან ამხელა სკანდალი ატყდეს, რა თქმა უნდა, გარედან მართული პროცესებია. ვახსენე ეკლესიის მტრები, მზაკვრული გეგმა, რომელიც ვიღაცისთვის ლამაზად მიმდინარეობს, თორემ ფაქტობრივად ადამიანები, მრევლი საზოგადოება აღშფოთებულია და მე პირადად განადგურებული ვარ ამ ყველაფრიდან”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, მას ნამდვილად არ ჰქონია ტკბილი ურთიერთობა შორენა თეთრუაშვილთან, რომელსაც ბევრი უწოდებს საპატრიარქოს “რუხ კარდინალს”.

ამასთან, ოხანაშვილმა დაკავებულ მამა გიორგი მამალაძეზეც ისაუბრა. მისი თქმით, მას არ სჯერა, რომ დეკანოზი მკვლელობის მომზადებაში მონაწილე პირი იყოს. “ვერ დავიჯერებ, მამა გიორგი არ არის ის ადამიანი, ვინმეს მოკვლა შეეძლოს” – აცხადებს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი.

”მე ძალიან კარგად ვიცნობ მამა გიორგის და ვიცი რა პრობლემები იყო, რასაც ის ებრძოდა, რაზეც ის მუშაობდა, კერძოდ ქონებებზე”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის შესაძლოა დააკავონ, – ამის შესახებ მან ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”პოსტსკრიპტუმში” განაცხადა.
მისი თქმით, არის მცდელობები, რამენაირად მოხდეს მისი ამ საქმესთან დაკავშირება. ”დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ეს გეგმა იმდენად მძიმე შეიძლება იყოს, რომ მე არაფერს გამოვრიცხავ. ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე. დავიკითხე და მითხრეს, რომ თუ საჭირო გახდა, კიდევ დაგიძახებთ. მე ვთქვი, რა თქმა უნდა, რამდენჯერაც საჭირო გახდება. ჩემი და ყველას ვალია დავეხმაროთ გამოძიებას, რომ ამ დილემიდან, ჩიხიდან გამოვიდეს და ნათელი მოეჰფინოს ყველაფერს”, – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულია მამა გიორგი მამალაძე. როგორც პროკურატურა აცხადებს, მას აეროპორტში, გამგზავრებისას ჩანთაში მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი აღმოუჩინეს.

იტვირთბა....