პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ორშაბათს დაიკითხება:
„დაკავების შემდეგ მას 5-ჯერ შევთავაზეთ დაკითხვა, თუმცა ყველა ჯერზე უარი თქვა ჩვენების მოცემაზე. გარდა დაკითხვისა, ბრალდებულს არაერთხელ მივმართეთ ექსპერტიზისთვის ნიმუშების ასაღებად. მას 14 თებერვალს შეეთავაზა ნებაყოფლობით მოეცა ხმის, ხელწერისა და ე.წ დნმ-ის ნიმუშები, რაზეც უარი განაცხადა. შემდეგ უკვე სასამართლოს განჩინების საფუძველზე არაერთხელ შევთავაზეთ, თუმცა კვლავ უარი მივიღეთ. ბრალდებული ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა, მაშინ როცა ექიმმა მოგვცა თანხმობა, რომ მას თავისუფლად შეეძლო საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბრალდებულის და მისი ადვოკატის განცხადება, რომ თითქოსდა ჩვენ ვაჭიანურებთ პროცესს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,” – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. პროკურორის ინფორმაციით, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ არსებობს ბევრი შეკითხვა და მას მოუწევს ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა.
მისივე თქმით, მამა გიორგი მამალაძემ 14 თებერვალს ასევე უარი განაცხადა ხმის, ხელწერისა და დნმ-ის ნიმუშების მიცემაზე.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა.