ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: „მამა გიორგი ზუსტად იტყვის, ვისი თხოვნით ჰქონდა იარაღი შენახული“

„ციანიდზე, ჩემს მიერ მოსმენილ აუდიოჩანაწერებში საუბარი არ არის. შესაძლოა, არის სხვა ჩანაწერებიც, ასევე არ არის საუბარი საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირებზე”, – ამის შესახებ დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს სამი სახის ექსპერტიზაა დაგეგმილი –  დნმ-ის, კალიგრაფიის და ხმის.

”საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. ჩატარდება აუდიოჩანაწერების ექსპერტიზა, არის თუ არა მამა გიორგი ის ადამიანი, ვინც საუბრობს ამ ჩანაწერებში. როგორც კი დამთავრდება აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, სავარაუდოდ, დაიწყება მისი დაკითხვა. ვვარაუდობ, რომ დაკითხვა დღეს არ დამთავრდება, რადგან საკმაოდ გრძელი ჩვენების მიცემას აპირებს მამა გიორგი. აუდიოჩანაწერები რაც მოვისმინე, იქ ბევრ ადამიანთან არის საუბარი, მათ შორის მრევლთან. ციანიდზე, ჩემს მიერ მოსმენილ აუდიოჩანაწერებში საუბარი არ არის. შესაძლოა, არის სხვა ჩანაწერებიც, ასევე არ არის საუბარი საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირებზე”, – განაცხადა რამიშვილმა.

რაც შეეხება იარაღს, რომელიც დეკანოზის სახლში აღმოაჩინეს, ადვოკატის ინფორმაციით, ამ იარაღის შენახვა დეკანოზს სხვა პირმა სთხოვა.

”მამა გიორგი ჩვენებაში ზუსტად იტყვის, ვისი თხოვნით ჰქონდა ეს იარაღი შენახული მას. შესაძლებელია, მითუმეტეს სასულიერო პირს, დახმარების მიზნით დროებით გთხოვოს ადამიანმა შენახვა”, – განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ის მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული.

იტვირთბა....