“მთავრობა ყველაფერს აკეთებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგოს მთავრობასთან არის კონტაქტზე“- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა. საუბარია კონგოში, ტყვეობაში ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქის შესახებ.
“მთავრობა ყველაფერს აკეთებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგოს მთავრობასთან არის კონტაქტზე. მიმდინარეობს ინფორმაციის დეტალურად დამუშავება და გარკვეული დეტალების დაკონკრეტება. სამწუხაროდ, საქმე გვაქვს ამბოხებულებთან და კომუნიკაცია გარკვეულ სპეკულაციებთან არის დაკავშირებული. ძალ-ღონეს არ იშურებს მთავრობა, რომ თითოეული მოქალაქის უფლება იყოს დაცული. ის აღარ არის 2015 წლის მარტიდან საქართველოს სამხედრო სამსახურში თავისი სურვილისამებრ და კერძო კომპანიის დაკვეთით იმყოფებოდა კონგოში”, – განაცხადა იზორიამ.
შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად მეამბოხეების მიერ დატყვევებულ იქნა საქართველოს ერთი მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა.
როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დაჭრილი სამშვიდობოზეა და მკურნალობას გადის აღმოსავლეთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ გომაში.
სამინისტროს განმარტებით, საგარეო უწყება მუდმივ კონტაქტზეა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან, რათა მოხდეს სიტუაციაში დეტალურად გარკვევა და საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვა.