საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგოში დატყვევებულ ქართველ სამხედრო მფრინავ სოსო ოსურაულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„კონგოს მხარე ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებდა საქართველოს მოქალაქის/მოქალაქეების მონაწილეობას ხსენებულ ინციდენტში. ასევე, არც ოჯახის წევრებს მოუმართავთ ჩვენთვის. 22 თებერვალს საქართველოს საელჩოს პრეტორიაში კონგოს მხარემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხსენებული ინციდენტის შედეგად, ოპოზიციური დაჯგუფების მიერ დატყვევებულ იქნა საქართველოს ერთი მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა, თუმცა იგი სამშვიდობოზეა და აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაში მკურნალობას გადის.
საქართველოს აღნიშნული მოქალაქეების კონგოში ყოფნის ოფიციალური მიზეზი უცნობია. როგორც ვიცით, ეს პიროვნებები ყოფილი სამხედროები არიან და კონგოში დამოუკიდებლად იმყოფებოდნენ. სიტუაცია რთულია, ვინაიდან, ერთ-ერთი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა კონგოს მთავრობასთან, რათა მოხდეს სიტუაციაში დეტალურად გარკვევა და საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვა”, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართველი სამხედრო მფრინავის სანაცვლოდ, კონგოელი მეამბოხეები მილიონ დოლარს ითხოვენ. კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთს სწორედ სოსო ოსურაული მართავდა.