შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
უწყების ინფორმაციით, 21-22 თებერვალს, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის 80 დანაშაული გამოვლინდა, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 21 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 15 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – 11 ფაქტი;
გამოვლენილია ჯანმრთელობის დაზიანების (სსკ-ს 117-ე და 118-ე მუხლები) – ორი ფაქტი; სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) – ერთი ფაქტი;ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – ხუთი ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (სსკ-ს 238-ე პრიმა მუხლი) – ორი ფაქტი;
პოლიციამ ორი ძებნილი პირი დააკავა.
დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1182 შემთხვევა, მათ შორის: წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) – ხუთი ფაქტი;
პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) – 24 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) – 18 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 18 ფაქტი.
საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, შვიდი პისტოლეტი, ერთი შაშხანა, ორი გადაჭრილი სანადირო თოფი, ხუთი სანადირო თოფი, 72 კაფსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 169 საბრძოლო ვაზნა.
ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: სამი შეკვრა ჰეროინი, 125 აბი „სუბოქსინი“, 1 შეკვრა ე.წ. „ბიო“ და სხვა.
საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 19, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 38 პირი დააკავეს.