ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კიდევ ერთი პროცედურა: ევროკავშირის ელჩებმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირეს

„ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი მისცეს შეჩერების მექანიზმს და საქართველოს ვიზალიბერალიზაციას. ევროკავშირის მინისტრები ამას 27 თებერვალს დაამტკიცებენ“, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს რეპორტიორი რიკარდ იოზვიაკი twitter-ზე წერს.

დღეს, ევროპარლამენტის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით COREPER-ის (ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი) ტექნიკური სხდომა იყო დანიშნული. ამის შემდეგ, თებერვლის ბოლოს, საკითხს ევროკავშირის საბჭო განიხილავს.

ამის გარდა, კიდევ რამდენიმე საჭირო პროცედურა უნდა განხორციელდეს. შემდეგ ჯერზე ევროკავშირის საბჭო რეგულაციას    მინისტრების დონეზე დაამტკიცებს.  ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. ამის შემდეგ უვიზო რეჟიმი ოფიციალურად 20 დღეში ძალაშია, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი 2 თებერვალს დაუჭირა. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.

იტვირთბა....