ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განათლების მინისტრის პასუხი კითხვაზე – უნდა იღებდნენ თუ არა სექსუალურ განათლებას მოსწავლეები სკოლაში

ვიცე–პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მოსწავლეებისთვის სექსუალური განათლების მიღების საკითხზეც ისაუბრა გადაცემაში “მძიმე კაცთან”.  კითხვაზე, სექსუალურ განათლებას თუ უნდა იღებდნენ სკოლაში მოსწავლეები? – მინისტრმა უპასუხა:

,,იცით, რა? ეს არის საინტერესო საკითხი ძალიან. მაგალითად, სიტყვა სექსუალურს გამოვიყენებთ თუ სქესობრივს, უკვე დიდი განსხვავებაა, იმიტომ რომ ამას სტერეოტიპები ახლავს თან, ხომ იცით, ჩვენ ტრადიციული და კონსერვატიული საზოგადოება ვართ. ე.ი. სქესთან, ოჯახის შექმნასთან, გამრავლებასთან და აი, ასეთ საკითხებთან დაკავშირებული განათლება, ადამიანს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებლად სჭირდება. მათ შორის ჯანმრთელობის საკითხები, რეპროდუქციის და ა.შ. ამიტომ ცალსახად -დიახ. უმეტეს ჩვენს მოქალაქეს, როცა ჩვენ ვამბობთ, „სექსის შესახებ განათლება“ ,  შეიძლება ცოტა უფრო სხვა სიღრმეები ეჩვენებოდეს, იქ, სადღაც. მოკლედ, ბავშვის ფსიქიკისთვის და ასაკისთვის შესატყვისი რაც არის და ეხება ოჯახს, გამრავლებას, რეპროდუქციასა და ჯანმრთელობას, აუცილებლად უნდა ვასწავლოთ”, – განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, თავად საიდან იღებდა მოზარდობისას მსგავსი საკითხების შესახებ ინფორმაციას, ჯეჯელავამ განმარტა:

,,არა სკოლიდან, ცალსახად. მინდა გითხრათ, რომ ეს არ მეჩვენება სწორი. რა ვიცი, ეზოში ვისხედით მეგობრები, ისევე როგორც ბევრი, ალბათ, და რაღაცებს ვყვებოდით. ზოგი ისეთი ზღაპარი და ისეთი მითი იყო,  შეიძლება გადარეულიყავი. ეს ყველაფერი კი არ მგონია სწორი. კვალიფიციურად უნდა მიიღოს ადამიანმა ყველანაირი ინფორმაცია, წინასწარ, მით უმეტეს ბავშვმა, რომლის ფსიქიკაც არის ძალიან მგრძნობიარე. ეზოში და უფროსი მეგობრებისგან – არა. ბევრ მშობელს, მაგალითად სერიოზული დისკომფორტი აქვს, რომ თავის შვილებს ამ თემებზე ელაპარაკოს. მაგასაც ხომ სწავლება უნდა მშობლებისთვის, როგორ ესაუბრონ თავის შვილებს. ვისაც უადვილდება ძალიან კარგი, მაგრამ ყველას არ უადვილდება”,– თქვა ჯეჯელავამ.

წამყვანის შეკითხვაზე, უნდა ხდებოდეს თუ არა მოსწავლეებისთვის სკოლაში ინფორმაციის მიწოდება მსუბუქი და ზოგადად ნარკოტიკების შესახებ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა:

„აუცილებლად უნდა იყოს. რაც არის ჩვენ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და სკოლა ხომ იგივე ოჯახია გარკვეული აზრით და თუ შენ პრობლემას აგვარებ არა ლაპარაკით, არა საუბრით, მე მეჩვენება, რომ უფრო იქმნი საფრთხეს, ვიდრე იგვარებ და ამიტომ ძალიან მაგარი დაფიქრება უნდა, თუ როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს ასეთ საკითხებზე,  მაგრამ, რომ უნდა ვესაუბროთ, ამაში ეჭვი არ მეპარება“, – აღნიშნა  მინისტრმა.

იტვირთბა....