aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ხალხი ღელავს, უნდა დაკმაყოფილდეს და დამშვიდდეს“: რა განაცხადა პატრიარქმა შეხვედრაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს – სახელმწიფოსი და ეკლესიისა და ხალხს უნდა მივცეთ პასუხი. ხალხი ღელავს“ – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და სინოდის წევრები ესწრებოდნენ.

“ეს ორი კვირა ძალიან რთული იყო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და იძულებული ვიყავი წავსულიყავი გერმანიაში და იქ მემკურნალა. გააკეთეს ძალიან რთული ოპერაცია. აი, ამ დროს შეიქმნა რაღაც უცნაური სიტუაცია, რომელიც ისტორიას არ ახსოვს, საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს. ასეთი შემთხვევა და ეს არის არა მარტო ეკლესიის პრობლემა, არამედ ერის პრობლემა და სახელმწიფოს პრობლემა, ამიტომ ჩვენი ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერთოს ამაში და ვფიქრობ, რომ თქვენ გრძნობთ ამის მნიშვნელობას.

უკვე მოდის გამოძახილი უცხოეთიდან, კითხულობენ რა ხდება საქართველოში. ჩვენ არა გვაქვს გარკვეული პოზიცია, გარკვეული გამოძიება და ამიტომ თქვენ უნდა დაგვეხმაროთ. ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს – სახელმწიფოსი და ეკლესიისა და ხალხს უნდა მივცეთ პასუხი. ხალხი ღელავს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამშვიდდება და კარგად იქნება, მაგრამ ყოველ მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას და ხალხი უნდა დაკმაყოფილდეს და დამშვიდდეს,”- განაცხადა პატრიარქმა.

შეხვედრის დარულების შემდეგ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმაც და აღნიშნა, რომ „პატრიარქი ხელმძღვანელობს ამ ძალიან მნიშვნელოვან თავყრილობას“.

„ჩემი აზრით, შეჯამება ამ საუბრის მდგომარეობს შემდეგში, – ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა დააფიქსიროს, ამტკიცოს თავისი სიმართლე ან თავისი ვერსია. ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცველ სტრუქტურებს, აკეთონ თავისი საქმე პოლიტიკური ჩარევების გარეშე და ამ პროცესის ღიაობით, გამჭირვალეობით, შეჯიბრებითობით. მე მინდა, შევახსენო ყველას, რომ დღეს შეჯიბრებითობა და უდანაშაულობის პრეზუმცია საქართველოში დარღვეულია და მამა გიორგის, მის ადვოკატებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა თავის სიმართლე გააცნონ საზოგადოებას, რადგან ჩვენ ყველანი ამაზე ვსაუბრობთ. ამ პრინციპით, ჩვენ გადავლახავთ ყველაფერს და მივალთ ჭეშმარიტ პასუხებამდე“- განაცხადა პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძე კვლავ ჩაფიძის გულის კლინიკაში იმყოფება, სადაც სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან გადაიყვანეს.

ცნობისთვის, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

მისმა ახალმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი წაყენებული აქვს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მიმართ.

 

იტვირთბა....