„პატრიარქმა იკითხა შეწყალებასთან დაკავშირებით და მე რა თქმა უნდა, ამის შესახებ დეტალურად გავეცი პასუხი“- ამის შესახებ “TV პირველის“ ეთერში სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.
საუბარია უფლებადამცველის, ნანა კაკაბაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ომბუდსმენმა პატრიარქს დაკავებული დეკანოზის შეწყალება შესთავაზა.
„გუშინდელ შეხვედრაზე ჩვენ ძალიან ბევრ თემაზე გვქონდა დეტალური საუბარი, მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებიც გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მოწმის მხრიდან იყო კომენტარი გაკეთებული, შეწყალებასთან დაკავშირებით, რამდენად არის შესაძლებელი, რომ მოხდეს შეწყალება. რა თქმა უნდა, გარკვეულ პროცედურებზე იყო საუბარი. პატრიარქმა იკითხა და მე რა თქმა უნდა, ამის შესახებ დეტალურად გავეცი პასუხი. ვთქვი, რომ ამის უფლებამოსილება პატრიარქს არ გააჩნია, მხოლოდ პრეზიდენტს აქვს უფლება შეიწყალოს დაკავებული. სწორედ ამ კონტექსტში იყო საუბარი, თუმცა იყო ძალიან ბევრ სხვა დეტალზე საუბარი. მან იკითხა ასევე, რამდენად არის შესაძლებელი რომ მოინახულოს და შეხვდეს დაკავებულს. რა თქმა უნდა ამაზეც გავეცი პასუხი, რომ შესაძლებელია მოხდეს როგორც სასულიერო პირთან, ასევე ადვოკატთან შეხვედრა, ეს ნებადართულია და ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი ამის განხორციელება“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც ის დაკავებულ დეკანოზს შეხვდა, მან უთხრა, რომ ეს იყო ვიღაცის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია.
შეგახსენებთ, უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პატრიარქს შესთავაზა დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალება. ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
„უჩა ნანუაშვილს შეუთავაზებია პატრიარქისთვის, რომ მოხდეს დეკანოზ მამალაძის შეწყალება, თუმცა თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მისი შეწყალება ვერ მოხდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას ჯერ ბრალიც არ უღიარებია და მითუმეტეს, არც არის მსჯავრდებული. სახალხო დამცველმა სთხოვა პატრიარქს, რომ მან პრეზიდენტს შესთავაზოს მამალაძის შეწყალება. ცოტა გაუგებარი იყო ომბუდსმენის მიერ, ერთიც და მეორეც, მაგრამ ფაქტია, რომ ამას ადგილი ჰქონდა“- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
ცნობისთვის, დღეს საპატრიარქოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ადვოკატი ირმა ჭკადუა და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე მივიდნენ. ნანა კაკაბაძის თქმით, კი იგი პატრიარქის მოსანახულებლად მივიდა.
საპატრიარქოში დღეს დილიდან სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც პატრიარქი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტიც იმყოფებოდა. სასულიერო პირები საპატრიარქოსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესახებ მსჯელობენ.
პრეზიდენტმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატრიარქი „ამ ძალიან მნიშვნელოვან თავყრილობას ხელმძღვანელობს“.