დაკავებული დეკანოზ მამალაძის მესამე ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, ჩაფიძის კლინიკაში შეხვდა გიორგი მამალაძეს, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა:
“როგორც დეკანოზი მამალაძე ამბობს, საბრალდებო დასკვნაში მას ბრალი წაყენებული აქვს მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის მიმართ. როცა მამა გიორგის დაკავება მოხდა, ის ბარგი, სადაც ამბობენ, რომ ციანიდი იპოვეს, 6 საათისა და 40 წუთის შემდეგ მიუტანეს. “-აცხადებს რამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის ცნობით, 2017 წლის 10 თებერვალს, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ. უწყების განცხადებით, უცნობმა პირმა მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მამალაძეს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის განცხადებით, ილია მეორის საქართველოში დაბრუნების შემდეგ პროკურატურა ციანიდის საქმის მტკიცებულებებს გამოაქვეყნებს.