ახალი ამბები მთავარი სამართალი

უპრეცენდენტო შემთხვევა: უვადო პატიმრობამისჯილები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

 

ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები, გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ ასევე   საქმეში სხვა ბრალდებულების უმრავლესობაც უდანაშაულოდ ცნო.

გვიჩიანის ადვოკატების განცხადებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ახალი გამოძიება, ჩემიას და გვიჩიანის უდანაშაულობას ადასტურებს. ასევე, პროკურატურის მტკიცებულებებში იკვეთება რამდენიმე პირი, ვისაც შეიძლება ნიკა ჩემიას და გია გვიჩიანის ნაცვლად ბრალი წაუყენონ.

საქმე ეხება 2002 წელს ეი-ეს თელასის ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობას.  ლომინაძის მკვლელობა 2006 წელს გახსნილად გამოცხადდა და მასზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ეი-ეს თელასის ფინანსური მენეჯერი გიორგი გვიჩიანი, როგორც მკვლელობის შემკვეთი, ნოდარ გვიჩიანი, როგორც შუამავალი შემკვეთს და შემსრულებლებს შორის და ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი, როგორც მკვლელობის უშუალო ჩამდენნი.

2006 წლის 15 აგვისტოს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ნიკა ჩემიამ და გიორგი გვიჩიანმა დანაშაული არ აღიარეს, მათ უვადო პატიმრობა მიესაჯათ.

ავთანდილ ხერკელაძეს და გიორგი პაპაჩაშვილს გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმებები: ხერკელაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო პაპაჩაშვილს – 5 წელი პირობითი მსჯავრი მიესაჯათ.

2014 წლის 14 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის ლევან თევზაძის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა აღნიშნული პირების მიმართ დადგენილ განაჩენში.

გიორგი გვიჩიანი ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ პუნქტით.

გიორგი გვიჩიანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს, 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ერთი მეოთხედით შეუმცირდა სასჯელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, გიორგი გვიჩიანს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლება პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყება დაკავების დღიდან ანუ 2006 წლის 7 მარტიდან.

დამნაშავედვე იქნა ცნობილი მსჯავრდებული – ნიკა ჩემია. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველით განსაზღვრული სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნიკა ჩემიას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მოსამართლის გადაწყვეტილებითვე ნიკა ჩემიას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლება პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყება დაკავების დღიდან – 2005 წლის 23 დეკემბრიდან.

 

ლომინაძის მკვლელობის საქმეზე გია გვიაჩიანს და ნიკა ჩემიას სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, მოგვიანებით ეს სასჯელი 20-წლიანი პატიმრობით შეიცვალა. კომპანია “თელასის” ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წელს, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, საკუთარ სახლში მოკლეს. გია გვიჩიანი, რომელიც “თელასში” ექსპერტად მუშაობდა, დამნაშავედ ცნეს და 2006 წელს დააკავეს.

იტვირთბა....