ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„რუსთავი 2“-ს მიბაძეთ და სატელევიზიო ეთერი გათიშეთ”

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ მაუწყებლობის გათიშვის ფაქტს ეხმაურება და ჟურნალისტთა კორპუსს მიმართავს. ხატიაშვილი ჟურნალისტებს მოუწოდებს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მიბაძონ  და  სატელევიზიო ეთერი გათიშონ, რათა უსამართლობა და ძალადობა გააპროტესტონ:

“პატივცემულო ჟურნალისტებო! გათიშეთ სატელევიზიო ეთერი, მიბაძეთ რუსთავი 2-ს და გააპროტესტეთ უსამართლობა და ძალადობა. 19 თებერვალს 14:30 საათზე ზაზა ხატიაშვილი, ჩემს ქალიშვილთან, 12 წლის მერი ხატიაშვილთან ერთად მივდივართ პარლამენტის შენობის წინ, რათა გავაპროტესტოთ ძალადობა, მიმართული დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ.

ჩემი შეფასებით, შუშის სასახლის მბრძანებლის და მასზე მიბმული დამონებული ხელისუფლების დაუოკებელი ლტოლვა, ხელში ჩაიგდოს და შეცვალოს დამოუკიდებელი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა საშიშ ხასიათს იღებს.

თანამემამულენო! ჩვენ ვართ ქართველები! ჩვენ არ ვართ ბანანის რესპუბლიკა! ჩვენ ხეებივით ვერ გადაგვრგავენ, ჩვენ გვაქვს ღირსება, ჩვენ არ გვინდა მონობა და ბნელეთი! ამიტომ, ყველა მოქალაქის ვალია, 19 თებერვალს 14:30 საათზე მივიდეთ პარლამენტის შენობის წინ და შევძახოთ რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩვენ არ ვიყიდებით.

პატივცემულო ადვოკატებო! დავიცვათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. კოლეგებო! მინდა გაგახსენოთ რამოდენიმე დეტალი თუ როგორ დაგვეხმარა ტელეკომპანია რუსთავი 2 ადვოკატებზე განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ხელისუფლების სიბინძურეებს ადვოკატებთან მიმართებაში არ აქვს საზღვარი, მიდის ძალადობა ადვოკატთა კორპუსზე.

2016 წლის 21 დეკემბერს, ქუჩაში 8 თვის ფეხმძიმე მეუღლის წინ პოლიციელებმა სცემეს ადვოკატი ალექსანდრე ფირცხალაიშვილი, პოლიციელების მიმართ არანარი სამართლებრივი პროცედურები არ ტარდება, პირიქით, კომკავშირელებით სავსე პროკურატურამ ბრალი წაუყენა ადვოკატს. სასამართლო პროცესს აშუქებდა მხოლოდ ტელეკომპანია რუსთავი 2.

2015 წლის 8 ნოემბერს ადვოკატი გიორგი მდინარაძე, რომელიც გამოიძახეს 14 წლის არასრულწლოვანის დასაცავად, პოლიციის დაწესებულებაში პოლიციის მუშაკებმა აწამეს ხელბორკილდადებული. ასეთი საშინელი ფაქტი არ მომხდარა საქართველოს უახლეს ისტორიაში და არც საბჭოთა საქართველოში. პოლიციის შენობა მდებარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან 50 მეტრში. როდესაც ადვოკატები ცდილობდნენ ჟუნალისტების ინფორმირებას საზოგადოებრივი მაუწყებლიდან არცერთი ჟურნალისტი არ გამოვიდა. როდესაც რუსთავი 2-მა გააშუქა ადვოკატ გიორგი მდინარაძის წამების ფაქტი მხოლდ ერთი დღის შემდეგ დაიწყეს სხვა ტელეკომპანიებმა ადვოკატის წამების ფაქტის გაშუქება.

ვიმეორებ, რომ არა რუსთავი 2, ხელისუფლება ისე შეფუთავდა გიორგი მდინარაძის წამების ფაქტს, ადვოკატს აქეთ წაუყენებდნენ ბრალს, რაც მოხდა ალექსანდრე ფირცხალაიშვილის შემთხვევაში, რომელმაც არ გაახმაურა მასზე თავდასხმის ფაქტი ცოლის ორსულობის გამო და მხოლოდ საჩივარი შეიტანა მთავარ პროკურატურაში. ადვოკატი ალექსანდრე ფირცხალაიშვილი სამოქალაქო სამართლის ადვოკატია, მას ვერ წარმოედგინა, რომ პროკურატურა კომკავშირელებით იყო გაბერილი. შოთაძეს, რომ ერქმევა მთავარი პროკურორი იმ ქვეყანაში როგორ შეიძლება ადამიანებმა იპოვონ სამართალი? ადვოკატ გიორგი მდინარაძის წამების შემდეგ, რამოდენიმე თვეში, ადმინისტრაციული წესით დააკავეს მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მუხრან ღურწკაია, რომელიც ახორციელებდა საადვოკატო საქმიანობას.

სასამართლომ უკანონოდ სცნო ადვოკატის დაკავება. კომკავშირელებით სავსე პროკურატურა სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტს, რომ მოხდა ადვოკატის უკანონო დაკავება არაფრად არ აგდებს და არ აკავებს პოლიციელებს, რითაც იგნორირებას უკეთებს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნას. დღესდღეობით პოლიციაში მსახურობენ ადვოკატ გიორგი მდინარაძის და ადვოკატ მუხრან ღურწკაიას უკანონოდ დამკავებლები.

მუხრან ღურწკაიას სასამრთლო პროცესს ასევე აშუქებდა მხოლოდ რუსთავი 2. თანამემამულენო! ადვოკატების გიორგი მდინარაძის, მუხრან ღურწკაიას და ალექსანდრე ფირცხალაიშვილის წამების ფაქტები იმიტომ მოვიყვანე, რომ ნათელი იყოს საით მიგვაქანებს რუსი ოლიგარქი. იმ ქვეყანაში, სადაც ადვოკატებს სცემენ, უბრალო მოქალაქეებს რას უზამენ? წამების ახალი ტალღის დასანერგად, რუს ოლიგარქს სჭირდება საინფორმაციო ველის მართვა, რაშიც ხელს უშლის ტელეკომპანია რუსთავი 2.

თანამემამულენო! ერთად გავაპროტესტოთ უსამართლობა. კვირას, 14:30 საათზე პარლამენტის შენობის წინ დავიცვათ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება,”-ნათქვამია ზაზა ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....