სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ფიქრობს, რომ დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ირგვლივ გაკეთებული განცხადებების გამო, გარკვეულმა თანამდებობის პირებმა სჯობს ბოდიში მოიხადონ და შეცდომები აღიარონ.
“სახალხო დამცველი კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებს, მე მაქვს სრული უფლებამოსილება, რომ ბრალდებულის მოსაზრებები გავაცნო საზოგადოებას. თუ ვინმეს არ მოსწონს ეს, ეს ნამდვილად არ არის სახალხო დამცველის პრობლემა,”- ამბობს ნანუაშვილი.
სახალხო დამცველის თქმით, ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, საქმეში ჩანაწერების არსებობას არ გამორიცხავს.
“ის ამბობს, რომ რეალურად შესაძლებელია იყოს ჩანაწერები, თუმცა ეს ჩანაწერები უნდა შეისწავლონ საგამოძიებო ორგანოებმა და დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს გარკვეული არგუმენტების გამოთქმის საშუელბა. დღეს, როცა ასეთი უთანასწორო ბრძოლა მიმდინარეობს, მსგავსი დოკუმენტების გამოქვეყნება, მე ვფიქრობ იქნებოდა დაუშვებელი, რადგან დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს უფლება უპასუხოს ბრალდებებს”,- განაცხადა ნანუაშვილმა დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ.