ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დეკანოზ გიორგი მამალაძის გულის მიოკარდიული დაზიანების შესახებ ინფორმაცია გამოირიცხა”

ჩაფიძის გულის ცენტრის სამედიცინო დირექტორის ზაზა ლაზარიშვილის განცხადებით, ჩატარებული კვლევებით, დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის გულის მიოკარდიული დაზიანების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გამოირიცხა.

მისი თქმით, დეკანოზი სხვადასხვა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, პაციენტი ჯერჯერობით კლინიკაში რჩება, რათა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი კვლევა ჩაუტარდეს.

“პაციენტი კლინიკაში 16 საათია შემოსულია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. აუცილებელი კვლევები და კონსულტაციები სხვადასხვა სპეციალისტების მიერ ტარდება. მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია გულის მიოკარდიული დაზიანების შესახებ გამოირიცხა. მკურნალობა და კვლევები პროტოკოლის მიხედვით გრძელდება. პაციენტი კლინიკაში რჩება და ყველა აუცილებელი კვლევა ჩაუტარდება, რომელთაგან უმეტესობა 24 საათის განმავლობაში გრძელდება. როცა ყველა მონაცემი გაანალიზდება, მკურნალობის ფორმაზე გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ“, – განაცხადა ლაზარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში წუხელ გადაიყვანეს. იგი განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული.

პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი ერთ-ერთი სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას გეგმავდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

იტვირთბა....