„ის, რაც დღეს წარმოადგინა მენეჯმენტმა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდ ხაზს უსვამს სწორედ მათ არაკვალიფიციურობას“- ასე შეაფასა „მეტრონომთან“ გადაცემა „რეალური სივრცის“ ავტორმა და წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა დღეს, მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი გეგმა, რომლის მიხედვითაც სამაუწყებლო ბადიდან ამოღებული უნდა იქნეს ე.წ წითელ ზოლში მყოფი გადაცემები, რომლებიც დაბალი რეიტინგისაა და “მაყურებლის მიგრაციას” იწვევს. მათ შორის მოხვდა გადაცემა „რეალური სივრცეც“.
„ის, რომ დაითვალო გადაცემის რეიტინგი, ჯერ ეს ერთი, გადაცემები უნდა იყოს ჟანრობრივად დაყოფილი. არ შეიძლება ყველაფერი ერთ ქვაბში მოიხარშოს. იმის მიხედვით გაირჩეს, ვის დაბალი აქვს რეიტინგი. ციფრული განვითარების ეპოქაში, დღეს, მხოლოდ ითვლიდე მთვლელების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და უგულებელყოფდე ციფრულ მედიას, უკვე ნიშნავს, რომ არაკვალიფიციურია და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა აღმასრუებელმა საბჭომ“- განუცხადა „მეტრონომს“ ნინო ზაუტაშვილმა.
მისი თქმით, იმედია, სამეურვეო საბჭოს ეყოფა კეთილგონიერება, რომ ამ ტიპის ზერელედ დათვლილი ინფორმაცია პირდაპირ არ „გადაყლაპოს“ და არ მიიღოს აუცილებელ და სავალდებულო შესაძლებლობად.
„იმედი მაქვს, რომ საზოგადოებას ამაზე რეაგირება ექნება. იმიტომ, რომ „წითელი ზონა“, „რეალური სივრცე“ ვერაფრით შეიძლება განიხილოს ისე, როგორც განიხილავ გასართობ გადაცემას. მითუმეტეს, პროგრამირების პრობლემა კვლავ დღის წესრიგში დგას. არ შეიძლება „რეალური სივრცე“ ვანო ჯავახიშვილის შოუს პარალელურად გადიოდეს. მას თავისი სწორი პროგრამირება სჭირდება, სადაც ყველაზე დიდ ციფრს დაწერდა და ეს მენეჯმენტმა თავის დროზეც ვერ გააკეთა. დროის ცვლილებაა გამუდმებით, სხვადასხვა დროში გადანაცვლება გადაცემისთვის, ძალიან ბევრი პარამეტრია, რაც ჩვენ შეგვიძლია პირიქით წავუყენოთ აღმასრულებელ საბჭოს. მითუმეტეს, აღმასრულებელ საბჭოში ორი წევრია, რომელიც უკვე 6 წელია ტელევიზიის მართვაშია ჩართული.
სხვათაშორის, როცა გადაცემა რეიტინგს არ წერს, ეს მარტო ჯგუფის ბრალი არ შეიძლება იყოს, ეს პირველ რიგში მენეჯმენტის ბრალეულობაა. ასე, რომ საპასუხო მოსაზრებები გვაქვს და მე ვფიქრობ, რომ გათვალისწინებული იქნება.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ სამეურვეო საბჭოს ეყოფა კეთილგონიერება, რომ ესე ზრელედ დათვლილი და მიღებული ინფორმაცია არ მიიღოს საბოლოო ჭეშმარიტებად. მათ საპირისპირო არგუმენტები ექნებათ, დარწმუნებული ვარ“- განუცხადა „მეტრონომს“ ნინო ზაუტაშვილმა.
შეგახსენებთ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტმა სამეურვეო საბჭოს მიერ შეთავაზებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გადაცემის შეფასების სისტემა წარმოადგინა. მათ პირველ არხზე არსებული გადაცემები სამ ჯგუფად წარმოადგინეს:
- გადაცემები, რომლებიც იზიდავს მაყურებელს (მათი რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე მეტია).
- გადაცემები, რომლებიც მაუწყებელს უნარჩუნებს არსებულ სტატუს კვოს (მათი რეიტინგი ემთხვევა არხის საშუალო რეიტინგს).
- გადაცემები, რომლებიც იწვევს მაყურებლის მიგრაციას სხვა არხებზე (მათი რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე ნაკლებია).
„ჩვენ მიერ წარმოდგენილი სურათის საფუძველზე და ჩვენი ამოცანებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენი ხედვა გულისხმობს პირველი და მეორე ჯგუფის გადაცემების დატოვებას ეთერში, ხოლო მესამე ჯგუფის გადაცემების დახურვას“- ნათქვამია მაუწყებლის მენეჯმენტის გადაცემის შეფასების სისტემაში, რომელიც დღეს წარმოადგინეს.
შეფასების ამ სისტემაზე დაყრდნობით მენეჯმენტმა წარმოადგინა გადაცემების ჩამონათვალი.
მესამე ჯგუფში შემავალი გადაცემები, რომლებიც დაუხურება, არის: “დოკუმენტური ფილმების სტუდია”, “ეკონომეტრი”, “ვაშინგტონი დღეს”, “სპორტი 360 გრადუსი”, “მთავარი”, “რეალური სივრცე პარასკევი”, “ვექტორი”, “სპორტის დაფა”, “წითელი ზონა”, “რეალური სივრცე”, “ტელემანი”, “კაცების დრო”, “С სტუდია”, “უცნობი მუსიკა”.