პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, ახალ განცხადებას ავრცელებს, სადაც დღეს მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყება განმარტავს, რომ ინფორმაცია, თითქოს, პროკურატურამ უარყო ან დაადასტურა პატრიარქის მკვლელობის მცდელობა, პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების გარკვეულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს:
“კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, რომელთა შესახებ გამოძიების ინტერესებიდან და საქმესთან დაკავშირებულ პირთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ ისაუბრებს. ასევე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა ამ ეტაპზე ვერც იმას დააკონკრეტებს, თუ ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს. პროკურატურა საქმის მიმართ არსებულ მაღალ საჯარო ინტერესს აცნობიერებს, თუმცა შესაძლო მსხვერპლთა ვინაობის შესახებ ან ვერსიებზე, რომლებზეც გამოძიება მუშაობს, ხსენებული ინტერესების გათვალისწინებით ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს. შესაბამისად გთხოვთ იხელმძღვანელოთ პროკურატურის მიერ 13 თებერვალს გაკეთებული ოფიციალური განცხადებებით. ვერსიების გადამოწმების მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. მას შემდეგ, რაც დასრულდება სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, ასევე მოიხსნება გამოძიებისთვის საინტერესო პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები, საზოგადოება გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებს. ამასთან, გვსურს გაცნობოთ, რომ ამ ეტაპზე საქმეზე დაკითხულია ათობით მოწმე, ჩატარებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ბრალდებულისგან და მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და სხვა ნივთები, რომლებზეც დანიშნულია სათანადო ექსპერტიზა.”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, პატრიარქის შესაძლო მოწამვლის მცდელობის და ე.წ. ციანიდის სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით გაზეთი “რეზონანსი” დღევანდელ ნომერში ვრცელ წერილს აქვეყნებს სათაურით – ”პროკურატურა: პატრიარქის მკვლელობა არ იგეგმებოდა”.
”პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი “ერთ-ერთი პირის” მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არაპატრიარქის, – აცხადებენ “რეზონანსთან” საუბრისას მთავარ პროკურატურაში და ამბობენ, რომ პროკურატურის განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და საზოგადოებამ არასწორად გაიგეს, რადგან მათ არსად უთქვამთ – პატრიარქი.
პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია:
“2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.
როგორც დგინდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ამავდროულად იყო შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება – ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა.
2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.
ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.
გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.”