ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მამა გიორგის მიაჩნია, რომ სახელისუფლებო ორგანოები თავიდან შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი“

„მეუფესთან შეხვედრის შემდეგ მამა გიორგი უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი, მხნედ არის და საბრძოლოდაა განწყობილი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებული დეკანოზის ადოკატმა გიორგი ფანცულაიამ ე.წ მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მამა გიორგის მიაჩნია, რომ ხელისუფლების პირები თავიდანვე შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი იმ უწყებების მხრიდან, მათ შორის პროკურატურის მხრიდან, ვინც ინფორმაცია თავიდან გაავრცელა.

“მამა გიორგის მიაჩნია, რომ სახელისუფლებო ორგანოები თავიდან შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი. მას იმედი აქვს, რომ ყინული, რაც დაიძრა ნაწილობრივ, იქნება სწორად აღქმული და ხელისუფლების ორგანოები ბოლომდე გაერკვევიან მის უდანაშაულობაში და პირველ დღეებში დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმფცია იქნება აღმოფხვრილი. ის მიესალმება დღევანდელ პოზიტიურ განცხადებებს მის მიმართ და მიაჩნია, რომ თავიდანვე, რომ ასე ყოფილიყო და შეცდომაში არ ყოფილიყვნენ შეყვანილნი, უკეთესი იქნებოდა.

პირველ ბრიფინგზე, რაც მთავარმა პროკურორმა განაცხადა, ვხედავთ, რომ ბევრ ტერმინთან და არგუმენტთან დაკავშირებით მათი პოზიციებიც იცვლება. რაც დრო გავა, ყინული უფრო მეტად დაიძრება მარტივი მიზეზის გამო, რომ ის არგუმენტები, რაც გაჟღერდა, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ეს თანდათან იკვეთება კიდეც”, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი ფანცულაიას თქმით, მამა გიორგი კვლავ ითხოვს ოჯახის უსაფრთხოებას გამომდინარე იქიდან, რომ ამის საფუძველი აქვს.

შეგახსენებთ, პროკურატურაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. ციანიდის საქმე პატრიარქს ან რომელიმე მაღალი რანგის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობას უკავშირდებოდა.

„მთავარმა პროკურორმა ბრიფინგის ტექსტი რომ ჩაამთავრა, ჟურნალისტებმა კითხეს, რომ “შეიძლებაო ეს პირი იყოსო ილია მეორეო” და მთავარმა პროკურორმა უპასუხა, რომ არა, მე არსად არ მიხსენებია, რომ ეს არის პატრიარქიო და მე ეს ვუთხარი ჟურნალისტებს,“ – განაცხადა საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა „რუსთავი 2-თან“.

ცნობისთვის, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

დაკავებული დეკანოზი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს.

იტვირთბა....