ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პროკურატურა: პატრიარქის მკვლელობა არ იგეგმებოდა

 

”პროკურატურა: პატრიარქის მკვლელობა არ იგეგმებოდა”,-ამ სათაურით გაზეთი “რეზონანსი”  დღევანდელ ნომერში ვრცელ წერილს აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია:

”პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი “ერთ-ერთი პირის” მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არაპატრიარქის, – აცხადებენ “რეზონანსთან” საუბრისას მთავარ პროკურატურაში და ამბობენ, რომ პროკურატურის განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და საზოგადოებამ არასწორად გაიგეს, რადგან მათ არსად უთქვამთ – პატრიარქი.

“მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ,” – განგვიცხადეს მთავარ პროკურატურაში, სადაც აღნიშნავენ იმასაც, რომ არათუ პატრიარქზე, არამედ მაღალ იერარქზეც არ არის საუბარი, საუბარია “ერთ-ერთ პირზე პატრიარქის გარემოცვიდან”.

კონკრეტულად ბრალდებაში ვისზეა საუბარი, ამის შესახებ პროკურატურაში არ საუბრობენ, თუმცა, დიდი ალბათობით საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებია საზოგადოებაში ყველა ილია ||-ის მკვლელობის მომზადებაზე საუბრობს, სასულიერო პირებიც სწორედ პატრიარქზე აკეთებენ აქცენტს, უფრო მეტიც, როდესაც პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი და “ქართული ოცნების” დეპუტატები ღიად აცხადებენ, რომ სწორედ უწმინდესის მოწამვლა იგეგმებოდა, რატომღაც პროკურატურას ამდენი დღის განმავლობაში გარკვევით არ უთქვამს, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობაზე არ არის საუბარი.

“რეზონანსთან” საუბრისას მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი ამბობს, რომ მთავარმა პროკურორმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ პატრიარქზე საუბარი არ არის.

“ბრიფინგზე მთავარ პროკურორს ჰკითხეს, იყო თუ არა მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ილია ||, ირაკლი შოთაძემ უპასუხა, რომ – არა, მე პატრიარქი არსად მიხსენებია. ჩვენ პრესრელიზში, თუ კარგად წაიკითხავთ, წერია, რომ განმცხადებელმა, რომელიც პროკურატურაში მოვიდა, თქვა, რომ უნდა მოეხდინათ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. ჩვენ ციტატა მისი განცხადებიდან მოვიყვანეთ, თორემ უკვე მეოთხე აბზაცში წერია ის, რაც გამოძიებით დადგინდა – ანუ, იგეგმებოდა ერთ-ერთი პირის მკვლელობა პატრიარქის გარემოცვიდან და აქ საუბარი არ არის მაღალი იერარქიის წარმომადგენელზე. უბრალოდ განცხადება კარგად არის წასაკითხი. თუმცა არ ვიცი, რატომღაც ასე აიტაცეს და გადაწყვიტეს. “გამოძიებით დადგინდა”-ში რაც წერია, ესაა მნიშვნელოვანი,” – ამბობს სუხიაშვილი.

თუკი მაღალ იერარქზე და საერთოდაც პატრიარქზე არ იყო საუბარი, რის საფუძველზე ისაუბრა პატრიარქზე პრემიერმა, თან როდესაც კვირიკაშვილმა თქვა, რომ მას გამოძიებიდან აქვს ინფორმაცია? ამ შეკითხვაზე პროკურატურაში პასუხი არ აქვთ.

“მესმის, მაგრამ ეს (ჩვენი) უწყების ბრალი ნამდვილად არ არის. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ. ვისზეა საუბარი, მე არ ვიცი. მე ვხელმძღვანელობ იმით, რაც მთავარმა პროკურორმა თქვა და რაც ოფიციალურად გვაქვს გაცხადებული,” – დასძენს სუხიაშვილი.

პროკურატურის ამ განცხადების შემდეგ, რაც ოფიციალურად იმის უარყოფას ნიშნავს, რასაც დღეებია ხელისუფლებისგან მტკიცებით ფორმაში ვისმენთ, კითხვები უფრო მეტი გააჩინა იმაზე, რატომ კეთდებოდა აქცენტი პატრიარქზე და რატომ ამტკიცებდნენ ამას ხელისუფლების წარმომადგენლები.

საგულისხმოა, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან, რადგან ეს იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული და მას ინფორმაცია სწორედ პროკურატურისგან აქვს, რის გამოც სახელმწიფომ პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანა საქმე და ბერლინის კლინიკაში, სადაც პატრიარქი მკურნალობს, დაცვა გააგზავნა.

ასევე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ “უმძიმესი დანაშაულის ჩადენა იქნა აცილებული თავიდან და ეს არ იქნებოდა დარტყმა არა მხოლოდ ეკლესიაზე არამედ ადარტყმა სრულიად საქართველოზე.”

“ოცნების” დეპუტატები, მამუკა მდინარაძეც და ეკა ბესელიაც ანალოგიურად პატრიარქის შესაძლო მოწამვლის მცდელობაზე საუბრობდნენ, თუმცა როდესაც “რეზონანსი” შეეცადა მათგან მოესმინა, რაზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა, კომენტარი ვერ მივიღეთ.

მდინარაძემ არც სატელეფონო შეტყობინებებს და არც ზარებს არ უპასუხა, ბესელიამ კი შეკითხვაზე, “საიდან აქვს ინფორმაცია, რომ სწორედ პატრიარქის მოწამვლა იგეგმებოდა და არა სხვისი?” – მოგვწერა, რომ “უკვე საუბრობენ კიდეც საჯაროდ და პროკურატურამაც ისაუბრა”, დანარჩენს კი გამოძიება გვეტყვის.

“მე რაც ვთქვი, ის ვთქვი! კარგად ვიცი, რასაც ვამბობ და სად გადის პრეზუმფციის ზღვარი,” – მოგვწერა ბესელიამ.” – წერს რეზონანსი

შეგახსენებთ,  რომ  მთავარმა პოკურორმა ირაკლი შოთაძემ დეკანოზ მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით, 13 თებერვალს,  საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:

”აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”.

ამის შემდეგ პრემიერ მინისტრმა, რამდენიმე მინისტრმა და უმრავლესობის წევრებმა საგანგებო განცხადებები გააკეთეს, რომ ქვეყანამ უდიდესი უბედურება აიცილა თავიდან და აღკვეთილია ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული – ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა.

წყარო: “რეზონანსი”

იტვირთბა....