ახალი ამბები მთავარი სამართალი

წუხელ ვაკეში მომხდარ თავდასხმაზე პროკურატურა განცხადებას აკეთებს

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი ადასტურებს, რომ ვაკეში შატბერაშვილის ქუჩაზე წუხელ ღამით ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომელზე თავდასხმა განხორციელდა.

პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის თქმით,  ცეცხლი საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროს ინსპექტორს როსტომ ლორთქიფანიძეს გაუხსნეს, რომელმაც თავმდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთი პირი დაიჭრა. უწყების ინფორმაციით, თავად ინტერპოლის თანამშრომელი დაჭრილი არ არის. პრესსამსახურში არ ადასტურებენ დაჭრილი მამაკაცი არის თუ არა ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელმაც ინტერპოლის თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნა.

საქმეზე გამოძიება თბილისის პროკურატურში როსტომ ლორთქიფანიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის II და III ნაწილებით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა გვიან ღამით მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი BMW-ს მარკის ჯიპს გაუხსნეს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა. არაოფიციალური ცნობით, მათ შორის იყო ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელი, რომელიც დაიჭრა. მომხდართან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

 

 

იტვირთბა....