ვაკეში წუხელ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით და თვითმხილველების თქმით, შატბერაშვილის ქუჩის ნაწილი, სადაც სროლა იყო, დღესაც გადაკეტილია და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სროლის ხმა წუხელ, გვიან ღამით გაიგონეს. მათივე ინფორმაციით, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა, ავტომობილს კი ტყვიის კვალი ეტყობა.
დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი BMW-ს მარკის ჯიპს გაუხსნეს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა. არაოფიციალური ცნობით, მათ შორის იყო ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელი, რომელიც დაიჭრა და მას ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა ოპერაცია. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. საქმეს პროკურატურა იძიებს, თუმცა ამის შესახებ უწყებაში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.