ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს პირში მითხრას”: ქორეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრეს ბრალდებებზე

“ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს პირში მითხრას”, – ასე უპასუხა ქორეპისკოპოსმა იაკობმა ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ გაკეთებულ  განცხადებებს.

როგორც მეუფე იაკობმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა, მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებები არასერიოზულია.

„მეუფე პეტრემ თავის ნათქვამზე თვითონ უნდა გააკეთოს კომენტარები. ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს პირში მითხრას“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

რაც შეეხება შეკითხვას, მართლაც აქვს თუ არა საპატრიარქოში დიდი გავლენა შორენა თეთრუაშვილს, როგორც ამას მეუფე პეტრე ცაავას ამტკიცებს, ქორეპისკოპოს იაკობის თქმით, „შეიძლება მეუფე პეტრეზე აქვს და უნდა მისი გავლენისგან გათავისუფლება“.

„შეიძლება მეუფე პეტრეზე აქვს (გავლენა) და გათავისუფლება უნდა მისი გავლენისგან. ჩვენზე რა გავლენა უნდა ჰქონდეს? ეს არის არასერიოზული რაღაც“, – აღნიშნა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს ” ოქროს თევზს” ეძახის.

მან ისაუბრა ასევე მეუფე იაკობზე და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ის ”უნებლიე თანამონაწილეა შორენა თეთრუაშვილის ინტრიგების”.

”შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს ეძახის ”ოქროს თევზს”. ეს არის პროტოპროსვიტერი გიორგი, ქორეპისკოპოსი თეოდორე პირველ რიგში, რომელიც ფინანსურ საკითხებში არის ყველაზე მეტად ჩართული.

რაც შეეხება მეუფე იაკობს, ის არის ძალიან პატრიოტი ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ შეცდომაშია შესული, რაღაც პიროვნული დაპირისპირებით, ჩართულია სამწუხაროდ ამ ქალბატონის მიერ დაწყებულ ინტრიგებში, უნებლიეთ არის თანამონაწილე. ჩემი პირადი აზრია, რამეთუ ვიცი მისი გულისხმიერება და სიყვარული სამშობლოს და ეკლესიის მიმართ”, – განაცხადა ჭყონდიდის მიტოპოლიტმა.

იტვირთბა....