პატრიარქის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ყველა ადრინდელი ინფორმაციაც ამ ქალბატონს (შორენა თეთრუაშვილს) უკავშირდება, -ამის შესახებ გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა. მისი თქმით, ამ ინტრიგის ნაწილი გურამ შარაძეც გახდა:
„მახსენდება ცხონებული გურამ შარაძის მიერ გავრცელებული იგივე ინფორმაცია, თითქოს პატრიარქის მოწამვლას ეპისკოპოსი აპირებდა. მიმაჩნია, რომ ეს პატრიოტი ადამიანი შეცდომაში შეიყვანეს და ინტრიგის ნაწილი გახადეს. მიმაჩნია რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეუძლია პატრიარქის წინააღმდეგ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამგვარი ცილისწამებლური კამპანიის დაწყება ბევრს შეუძლია. „
კითხვაზე, თუ რაში სჭირდებოდა შორენა თეთრუაშვილს ამგვარი ხმების გავრცელება პატრიარქის მოწამვლასთან დაკავშირებით, მეუფე ცაავა საკუთარ მოსაზრებას აჟღერებს:
„ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, კაგებეშნიკური მეთოდი, თითქოს ის იცავს პატრიარქს და რომ არა ის, პატრიარქი გაუგებარ სიტუაციაში იქნებოდა. ამით პატრიარქზე გავლენის მოხდენას ცდილობდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო პატრიარქის დაცვა. არაერთგზის ფაქტების მომსწრე ვარ, რომ შორენას ხელისუფლება და ეკლესია დაუპირისპირებია და შემდეგ თვითონ მოუგვარებია ეს დაპირისპირება. ანუ, პრობლემის შექმნა და შემდეგ ამ პრობლემის მოგვარება, პატრიარქი კი განუწყვეტელ რეჟიმში, თითიდან გამოწოვილი პრობლემების ქვეშ. „-განაცხადა პეტრე ცაავამ.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავებულია მაღალი სასულიერო პირის ციანიდით მოკვლის მცდელობის ბრალდებით. “რუსთავი 2”-მა გაავრცელა წერილი, რომელშიც, სავარაუდოდ, მამა გიორგი, საპატრიარქოში არსებულ ქონებრივ დარღვევებსა და სხვადასხვა პირების ამ ქონებით დაინტერესებაზე საუბრობს.