ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ გადაცემაში ”არჩევანი” განაცხადა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს ” ოქროს თევზს” ეძახის. მიტროპოლიტის აზრით, მეუფე იაკობი ”უნებლიე თანამონაწილეა შორენა თეთრუაშვილის ინტრიგების”.
”შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს ეძახის ”ოქროს თევზს”. ეს არის პროტოპროსვიტერი გიორგი, ქორეპისკოპოსი თეოდორე პირველ რიგში, რომელიც ფინანსურ საკითხებში არის ყველაზე მეტად ჩართული.
რაც შეეხება მეუფე იაკობს, ის არის ძალიან პატრიოტი ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ შეცდომაშია შესული, რაღაც პიროვნული დაპირისპირებით, ჩართულია სამწუხაროდ ამ ქალბატონის მიერ დაწყებულ ინტრიგებში, უნებლიეთ არის თანამონაწილე. ჩემი პირადი აზრია, რამეთუ ვიცი მისი გულისხმიერება და სიყვარული სამშობლოს და ეკლესიის მიმართ”, – განაცხადა ჭყონდიდის მიტოპოლიტმა.
როგორც მეუფემ აღნიშნა, მას მოუსმენია ისეთი ინფორმაციაც, რომ საქართველოში ქალბატონი, რომელიც არ არის არც ბიზნესმენი და არც ბიზნესმენის მეუღლე, არის ყველაზე დიდი უძრავი ქონების მქონე და მდიდარი და ეს არის შორენა თეთრუაშვილი. თუმცა, რა სიდიდის ქონებაზეა საუბარი, მეუფე პეტრე ამბობს, რომ ეს მისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-მა გაავრცელა დაკავებული დეკანოზ მამალაძის სავარაუდო წერილი, სადაც ის საპატრიარქოში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს.