აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

4-ჯერ მეტი ხელფასი ვიდრე მერს: რა ქონებას ფლობენ თბილისის მერი და მისი მოადგილეები

გარდა იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და  ადგილობრივი მმართველობების თუ მუნიციპალიტეტების თემა დღის წესრიგში დგას, მასში მომუშავე საჯარო პერსონების მიმართ ინტერესი ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც განაპირობა. საქმე ეხება „რუსთავი 2“-ის მოსამართლის ნატა ნაზღაიძის სკანდალურ თემას, რომლის ძმამ ქალაქის ბიუჯეტიან, კომპენსაციის სახით მილიონი ლარი მიიღო. მიუხედავად პოლიტიკური კომენტარებისა, რომელიც ამ ფაქტს მოჰყვა, უკვე იუმორისტულ შოუშიც კი დაიწყეს მერიაში დასაქმებული მაღაჩინოსნების გაშარჟება. დედაქალაქის მერიაში არსებულ კორუფციაზე საუბრები არ წყდება და ბოლო დროს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც თუ გავითვალისწინებთ, საზოგადოებას აშკარად აქვს ინტერესი გაიგოს სიმართლე – რაში და როგორ იხარჯება მათი ფული – ათასობით ლარი, რომელიც საჯარო მოხელეების პირად ანგარიშებზე ირიცხება.

აქედან გამომდინარე, „მეტრონომმა“ გადაწყვიტა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ქონებას ფლობენ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და მისი მოადგილეები, რა რაოდენობის ხელფასს იღებენ ისინი, როგორც ცხოვრობენ და რა სახის უძრავ თუ მოძრავ ქონებას ფლობენ.

სანამ დეტალურად აღვწერთ მათ ქონებას, აქვე გეტყვით ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს. „მეტრონომის“ მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით, მერის მოადგილეებს გაცილებით მეტი ხელფასი აქვთ ვიდრე თავად დედაქალაქის მერ დავით ნარმანიას.

მივყვეთ ქრონოლოგიურად:

თბილისის მერის, დავით ნარმანიას ქონებრივი დეკლარაცია შევსებულია 2016 წლის 27 ივნისს. დეკლარაციის თანახმად, მერის წლიური ხელფასი 19 080 ლარია, როცა 2015 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მისი წლიური ხელფასი 15 741 ლარს შეადგენდა.

დავით ნარმანიას საკუთრებაშია თბილისში, ბერბუთის 8 ნომერში ბინა, რომლის ფართობი – 97.00 კვ.მ-ია. ასევე, მიწის ნაკვეთი ზუგდიდში,  სოფელ  კოკში, რომლის  ფართობი – 5 000 კვ.მ-ია.

2016 წლის დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია დავით ნარმანიას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორად მუშობის  წლიური შემოსავალიც, რომელიც 10 800 ლარს შეადგენს.

2015 წელს, ნარმანიამ შეიძინა 15 000 დოლარის ღირებულების ავტომანქანა. 2016 წლის დეკლარაციაში კი მითითებული აქვს, რომ  ავტომანქანის გაყიდვიდან მან მიიღო 8 500  დოლარი.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი კი 2000 ლარს  შეადგენს.

„მეტრონომი“ დაინტერესდა, თუ რა შემოსავალი აქვთ დედაქალაქის მერის მოადგილეებსაც.

ნარმანიას პირველ მოადგილეს, ვიცე მერ ლაშა აბაშიძეს, როგორც მის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული და რომელიც 2016 წელსაა შევსებული, წლიური სახელფასო სარგო ვიცე-მერობისას, მერის ხელფასს აღემატება და ის შეადგენს 25 269.14 ლარს. ანუ მერის მოადგილის ხელფასი ერთნახევარჯერ აღემატება მერის წლიურ ხელფასს.

აბაშიძის მეუღლის, ნატალია მეძმარიაშვილის საკუთრებაშია 2 ბინა: თბილისში ჭავჭავაძის 5 ნომერში, რომლის ფართობია 150.00 კვ.მ.

მეორე ბინა მდებარეობს ასევე ჭავჭავაძის 5 ნომერში, რომლის ფართობია 70.00 კვ.მ. ასევე მისი მეუღლის მფლობელობაშია საცხოვრებელი სახლი ბეთანიაში, მისი ფართობია 120.00 კვ.მ. ასევე მიწის ნაკვეთიც ბეთანიაში, მისი ფართობია 602.00 კვ.მ.

მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის 2016 წლის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მისი მერის მოადგილის წლიური ხელფასი 46 400 ლარია. ესეც მერის წლიურ ხელფასს თითქმის ორნახევარჯერ აღემატება.

მის ფლობელობაშია ბინა თბილისში, თემქაზე 4 მ/რ-ში, მისი ფართობია 88.00კვ.მ. ასევე მიწის ნაკვეთი, თბილისში სოფელ აგარაკის დასავლეთ ტერიტორიაზე, მისი ფართობია 595. 00 კვ.მ. მის მიერ 2016 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მან შეიძინა მიწა 4 000 დოლარად და გაყიდა ავტომობილი, რომლიდანაც მიიღო 3 200 დოლარი.

კიდევ ერთი მერის მოადგილე, ნინო ხატისკაცი 2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, 58.00 კვ.მ ფართობს ფლობს.

მისი მეუღლე, კაპიტონ ჟორჟოლიანი, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელია, მიწის ნაკვეთს მესტიაში, მულახში, 32 000.00 კვ.მ მიწას ფლობს. ასევე მის საკუთრებაშია სეტის ჩიხი #3-ში მდებარე სახლი, რომლის ფართობიც  588.00 კვ.მ შეადგენს.

ჟორჟოლიანი 14% საცხოვრებელი სახლს მესტიაშიც ფლობს, სეტის მოედანზე, მე-3-ე ჩიხი, ფართობი – 600.00 კვ.მ.

ხატისკაცის მეუღლე, კაპიტონ ჟორჟოლიანი მსუბუქი ავტომანქანა Mitsubishi Endeavor-ის მფლობელია. ჟორჟოლიანს,  მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლად მუშაობის შედეგად, ერთი წლის  განმავლობაში  41 075.00 ლარი აქვს აღებული.

ნინო ხატისკაცს მერის მოადგილედ მუშაობის პერიოდში ერთი წლის განმავლობაში  79 275.00 ლარი აქვს აღებული, რაც ქალაქის მერის ხელფასს 4 ჯერ აღემატება.

რაც შეეხება მერის კიდევ ორ მოადგილეს გიგა ნიკოლეიშვილს და  ნატო ქიტიაშვილს,  მათ ახალი დეკლარაცია შევსებული არ აქვთ, რადგანაც დაკავებულ თანამდებობაზე 2016 წლის 2 აგვისტოს დაინიშნენ.   თანამდებობიდან დანიშვნის შემდეგ ერთი წელი უნდა იყოს გასული, რომ მათ ახალი დეკლარაცია შეავსონ. შესაბამისად მათი ქონების შესახებ ინფორმაცია 2017 წლის აგვისტოში გახდება ცნობილი.

 

ელზა პაპოშვილი

ნინი ცხადაია

იტვირთბა....