ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გიორგი მამალაძის თქმით, გავრცელებული წერილის მსგავსი განცხადებებით არაერთხელ მიუმართავს საპატრიარქოსთვის

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ”რუსთავი 2”-ის ეთერში გამოქვეყნებული წერილის ავთენტურობას ვერ ადასტურებს, რადგან წერილი პირადად არ უნახავს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ადვოკატმა მას წერილის ზოგადი შინაარსი გააცნო, მამალაძემ განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებებით არაერთხელ მიუმართავს პატრიარქისთვის:

”უშუალოდ ამ წერილს რაც შეეხება, ამ წერილის ავთენტურობას ფიზიკურად ვერ დაადასტურებს, რადგან ამ წერილს არ გაცნობია. მე გავაცანი შინაარსი და თქვა, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებებით არაერთხელ მიუმართავს სინოდისთვის და პატრიარქისთვის 2015 წლის დეკემბრიდან. ისიც დაადასტურა, რომ რეაგირება არ ჰქონდა ამ ყველაფერს და მისი ბოლო განცხადება იყო, რომ რადგან რეაგირება არ ხდება, თანამდებობიდან გადამდგარიყო”, – განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის თქმითვე, მამალაძის წერილებზე პასუხი არ მოდიოდა, რადგან როგორც დეკანოზი ადვოკატთან აღნიშნავს,  ”გარკვეული პირები ხელოვნურად ბლოკავდნენ ამ ყველაფერს”.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-მა გაავრცელა დეკანოზ გიორგი მამალაძის სავარაუდო წერილი, რომელიც მან პატრიარქს ორი თვის წინ მისწერა. წერილში საუბარია საპატრიარქოს ქონებასა და სხვადასხვა გარეშე პირების ინტერესებზე ამის მიმართ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

იტვირთბა....