„ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში “რუსთავი 2”-ს აკრიტიკებს:
“დავით ნარმანიას როგორც ჩანს დაავიწყდა, რომ ის დედაქალაქის მერად აირჩიეს და ისევ სადმე სოფელში გონია თავი, სადაც ტუალეტებს დიდი ორმოების თავზე აშენებენ. თბილისი თქვენი განავლის დასაგროვებელი ადგილი არ არის, ბატონო დავით. თქვენ საკუთარ სახლში, თქვენი ნებაა, საერთოდ ნუ აიშენებთ ტუალეტს და თუ გინდათ პირდაპირ იატაკზე მოისაქმეთ… “გადაცემა P.S. გიორგი გაბუნია 12/02/2017.
აი, ამ კატასტროფას მოვუსმინე დღეს დილით და ერთი რაღაც მინდა გითხრათ:
მეგობრებო, კოლეგებო, „რუსთავი 2“-ელებო, „რუსთავი 2“-ს ვიცავდი, ვიცავ და დავიცავ, არა იმიტომ, რომ თქვენს სარედაქციო პოზიციას ვიზიარებ ყველაფერში, ან თქვენი ყველა გადაცემა მომწონს, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლება ვერ გაკონტროლებთ და ამ სახელმწიფოს მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევ ხელისუფლების კონტროლს მიღმა მოქმედი, (თან პროდასავლური) მედიის არსებობას.
სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლების მხრიდან დარტყმის ქვეშ ხართ, ძალიან ხშირად ვიკავებ თავს თქვენი კრიტიკისგან, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად ვიქცევი.
ასე არ შეიძლება!
გარდა იმისა, რომ ასეთი გამოხტომა იმ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რის გამოც „რუსთავი 2“-ს ვიცავ, პრაგმატულადაც ძალიან, ძალიან ცუდია – ჩეჩმა ჩვენს თანამოქალაქეებს კარგი ცხოვრებისგან არ აქვთ, ცუდი ცხოვრებისგან აქვთ! ეს ხალხი თქვენი მაყურებელია! მათი შეურაცხყოფით თავს ისუსტებთ!
ჩემთვის, როგორც აქტივისტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მჯეროდეს იმ საქმის, რასაც ვემსახურები.
არ გამოვრიცხავ, რომ რისიც მჯერა, ხანდახან არასწორია და ვცდები, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მჯერა და არ ვიტყუები – მჯერა ყველა სიტყვის, რასაც თქვენს, ან სხვა ეთერში ვამბობ, ან ვწერ და ძალიან ვბრაზობ, როდესაც ამ რწმენას წყალი უდგება.
ვბრაზობ, როდესაც ვხედავ, რომ პატრიარქით სპეკულირებთ, ვბრაზობ როდესაც ვხედავ, რომ ტვ „ობიექტივის“ გადაცემის ავტორი და ნუგზარ ფოფხაძის შეგირდი გაიხადეთ მთავარ სპიკერად და ფიქრობთ, რომ ამით ბიძინა ივანიშვილს აზიანებთ – სინამდვილეში პირიქით, ლეგიტიმაციას უკეთებთ ყველა ჭორს, რაც ამ ქალბატონს მოუბოდია და საკუთარ დამაჯერებლობას აყენებთ დარტყმის ქვეშ. ვბრაზობ, როდესაც მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს ვისმენ და “რამ გაგაჩინათ ასეთი ლამაზი?” – ესაა ყველაზე კრიტიკული კითხვა.
მოკლედ, დაფიქრებას გირჩევთ. სახალხო პროტესტის გარდა, თქვენ ბიძინა ივანიშვილისგან ვერაფერი დაგიცავთ – აღარ არსებობს სასამართლო, დასავლეთს კი უამრავი, საკუთარი თავისტკივილი აქვს და აღარ ვიცით, მათი მხარდაჭერა სადამდე იქნება ეფექტური.
ნუ გაუიოლებთ ადამიანებს სახლში დარჩენას“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.