სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ ყოფილმა თანამშრომლებმა მარკეტის ერთ-ერთ ფილიალთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ სოლიდარობას „აუდიტორია 115“-ის წევრები და სხვა აქტივისტები უცხადებდნენ.
„აუდიოტირია 115“-ის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი სოფრომაძემ „მეტრონომთან“ განმარტა, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ ყველა იმ ადამიანს, რომლის შრომითი უფლებები დაცული არ არის:
„ჩვენ აქ იმ უკანონობის გასაპროტესტებლად მოვედით, რომელიც საქართველოში ყოველ დღე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. „ფრესკო“ არის კარგი მაგალითი იმის, რომ ქვეყანაში დამსაქმებლების უმეტესობა, დასაქმებულების უფლებებს არღვევს და სრული განუკითხაობაა.
ვიცით ძალიან ბევრი სხვა სავაჭრო ქსელები თუ ორგანიზაციები, რომლებიც „ფრესკოს“ მსგავსად, თანამშრომლებს შრომის შესაბამის ანაზღაურებას არ უხდის და მათ უფლებებს ყოველ წუთს არღვევს. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, რომ ხმა ამოიღონ და შემოგვიერთდნენ“-განაცხადა სოფრომაძემ.
შეგახსენებთ, რომ მშრომელთა უფლებების დასაცავად აქცია რუსთავის აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მოჰყვა, რასაც „ფრესკოს“ თანამშრომლების პროტესტი და მოგვიანებით, „ბიბლუსის“ თანამშრომელთა განცხადებებიც მოჰყვა.