დეკანოზ გიორგი მამალაძე საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო. პარალელურად იგი წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორიც იყო.
მისი ბიოგრაფიის მიხედვით, იგი ბათუმის, ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ზედამხედველის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო, მოგვიანებით, ამავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ერთ-ერთ საგანს ასწავლიდა. ამის პარალელურად მსახურობდა, ბათუმის წმ. ბარბარეს სახელობის ტაძარში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამალაძეს განათლება უკრაინაში აქვს მიღებული.
შეგახსენებთ, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.
გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.