საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე არხის სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, 15%-იანი რეიტინგი უნდა ჰქონდეს, ხოლო ის ორივე შემთხვევაში-ეს ასე იქნება თუ არა, – 2019 წლის ბოლოს გადადგება.
“თუ 2019 წელს მიზანი მიღწეული იქნება და საზოგადოებრივი მაუწყებელი შეძლებს პოლიტიკური მოთამაშე გახდეს, მე გადავდგები და ვიქნები ამაყი. თუ ვერ შესრულდა, მაინც გადავდგები. როდესაც ეს შესრულდება, მე ვიტყვი, აი, აწყობილია ტელევიზია, პოლიტიკური, შემეცნებითი თუ საგანმანათლებლო კუთხით და ჩავთვლი, რომ ჩემი საქმე გაკეთებულია. ეს იქნება ჩემი პასუხისმგებლობა, სხვა პასუხისმგებლობა არ ვიცი. BBC-ზე თუ ჩამოიწევს რეიტინგი, მოხსნიან დირექტორს. არ არსებობს ევროპის ქვეყანა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს 2%-ზე დაბალ რეიტინგს მოუთმენდა და ამაზე იბაასებდა ამდენ ხანს. ნამდვილად არ მოითმენდნენ გადასახადის გადამხდელები”, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისივე განმარტებით, არხის 102 გადაცემიდან, გარდა “მოამბისა”, ყველა გაივლის “ფილტრს”. თუ რა “ფილტრზეა” საუბარი, მაღლაფერიძის თქმით, ამის შესახებ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.