ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის მერიაში უფრო მეტი ადამიანი მუშაობს ვიდრე – ლონდონის

პარტია “ახალმა საქართველომ” გადაწყვიტა გაერკვია, რამდენი ადამიანია დასაქმებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქების მერიაში. ლონდონიდან პასუხი 3 დღეში მიიღეს და გაოგნებული დარჩნენ, რადგანაც აღმოჩნდა, რომ ჩვენი დედაქალაქის მერიაში გაცილებით მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე ლონდონის მერიაში.

პარტიაში ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული, სხვა ევროპის დედაქალაქებიდან პასუხის მიღების შემდეგ, დავით ნარმანიამ ბერლინი, რომი, ამსტერდამი და დელიც უკან ჩამოიტოვოს.

“ოფიციალური წერილით მივმართეთ ლონდონის მერიას და ვკითხეთ, რამდენი ადამიანი იყო დასაქმებული ადგილობრივ თვითმმართველობაში, იქიდან მალე მოვიდა პასუხი. გავარკვიეთ, რომ ლონდონის მერიაში 835 ადამიანი მუშაობს.

თბილისის მერიაში დასაქმებულია 5 700 კაცი. ლონდონში 8 276 251 ადამიანი ცხოვრობს, თბილისში – 1 108 717. ფართობით ლონდონი თბილისზე, მინიმუმ, 2-ჯერ დიდია”, – განაცხადა “ახალ თაობასთან” საუბარში “ახალი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, მალე პასუხები სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვა. ხაბეიშვლი ერთ დაზუსტებასაც აკეთებს და ამბობს, რომ 5 700 ადამიანი მხოლოდ მერიაში არ არის დასაქმებული, მაგრამ ლონდონს ამ ხალხის რაოდენობითაც ვუსწრებთ, რომელიც შარტავას 7 ნომერში სხედან.

“ეს 5 700 ადამიანი გამგეობებში, სსიპებსა და აიპებშია დასაქმებული. უშუალოდ დედაქალაქის მერიასა და მის საქალაქო სამსახურებში 1 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ლონდონთან შედარებით, მაინც სერიოზული უპირატესობა გვაქვს “, – ამბობს “ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი.

მისი თქმით, მხოლოდ ლონდონის მაგალითიც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ თბილისის მერიაში შტატები არანორმალურად გაბერილია.

 

იტვირთბა....