„ხელისუფლებამ ყველა ზომას უნდა მიმართოს, რომ პროცესები არ გახდეს უმართავი“, – ამის შეახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ გუშინ განვითარებულ მოვლენებსა და სტუდენტების შეჭრის ფაქტზე განაცხადა.
მისი თქმით, „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით კითხვები კვლავ არსებობს და საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხები, რატომ არის საჭირო რადიკალური ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე, რაც გადაცემების დახურვას გულისხმობს.
“უნდა მივიღოთ პასუხები, რატომ არის საჭირო ასეთი რადიკალური ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რატომ უნდა დაიხუროს ტელე-რადიო გადაცემები მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესები. მაუწყებელი არის ვალდებული, იმაუწყებლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია. საუბარია, კანონის მოთხოვნებზე, რომელიც მათ შორის, ამ 11 თვის გაავლობაში უნდა იყოს დაცული. საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია და მაუწყებელია პირველ რიგში პასუხისმგებელი ამ უფლების რეალიზაციაზე”, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დასაცავად მაუწყებელთან აქცია გაიმართა. სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ და აქციის მონაწილეები შენობაში შეიჭრნენ, ისინი ითხოვდნენ 5-წუთიან პირდაპირ ეთერს „საზოგადოებრივ მაუწყებელში“. მათი მოთხოვნა დააკმაყოფილეს და მათი მომზადებული მიმართვა მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გაჟღერდა. ამის შემდეგ მათ შენობა დატოვეს.