“აუდიტორია 115”-ის მოთხოვნა, “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ხუთ წუთიანი პირდაპირი ჩართვა ჰქონოდათ, არხის ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა. სტუდენტებმა მაუწყებლის პირდაპირ ეთერში წაიკითხეს მიმართვა, რომელიც მაყურებლისთვის მოამზადეს:
“ჩვენ შემოვედით “საზოგადოებრივ მაუწყებელში” და მოვითხოვეთ პირდაპირი ეთერი, რადგან სხვა გზა აღარ დაგვრჩა და სოციალური პრობლემები, რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა, საჭიროებს ფართოდ გაშუქებას და ფართოდ დისკუსიას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” არის ერთადერთი სივრცე, რომელშიც პარტიული და კომერციული ინტერესების გარეშე შესაძლებელია საზოგადოების ხმის გაჟღერება. ამასთანავე მიგვაჩნია, რომ თავისუფალი სიტყვის გარანტი ქვეყანაში არის ძლიერი პროფკავშირი და ჩვენ მოვუწოდებთ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანამშრომლებს და ჟურნალისტებს, გაერთიანდნენ საერთო ინტერესების დასაცავად. მაუწყებლის თანამშრომელებს თავინათი სოციალური უფლებებისთვის ბრძოლის ყველაზე ეტაპზე ჩვენ სოლიდარობას გამოვუცხადებთ. გათავისუფლებისთვის განწირულმა პროფესიონალებმა უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო ბრძოლაში. დღევანდელ საქართველოში ნეოლიბერალური დღის წესრიგის მიღმა რჩება დაბალი ფენის ინტერესი, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად ქართულ დემოკრატიას. გასულ წელს ქვეყანაში დაფიქსირდა მშრომელთა ათობით გაფიცვა. ამ მომენტშიც, დაანონსებულია რკინიგზის რეორგანიზაცია. სამსახურის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე არიან “ბიბლუსში” დასაქმებული ახალგაზრდები; სუპერმარკეტების ქსელებში, მაგალითად, “ფრესკოში” დასაქმებულები; ყველასთვის ცნობილია, რომ ამ და სხვა ქსელებში მშრომელთა კაბალურ ექსპლუატაციას ეწევიან. სახელისუფლებო სტრუქტურები ემორჩილებიან ბიზნესს და არა-ხალხს. სოციალური ბრძოლის ფრონტის მთავარი ხაზი ამჟამად რუსთავზე გადის, სადაც 350 მუშა გათავისუფლებულია. მათი ოჯახები უსახლკარობისა და შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან. ერთკვირიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, სახელმწიფო უარს ამბობს ამ ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობის აღებაზე. სახელმწიფო იცავს ბანკების ინტერესებს და არაფრად აგდებს რიგით ადამიანთა ტკივილს. ჩვენ ვართ უმრავლესობა, მაგრამ ჩვენ ვართ ჩაგრული უმრავლესობა. ჩვენ ბევრნი ვართ, მაგრამ ჯერჯერობით, არ ვართ ერთიანი ძალა. ურთიერთთანადგომა და საერთო ძალების მობილიზება გადარჩენის ერთადერთი გზაა. ჩვენ მოვითხოვთ მთვარობისგან, რომ გაატაროს საკუთარი ხალხის ინტერესი და უპირველეს ყოვლისა, მივმართავთ უშუალოდ მშრომელებს, მათ ოჯახებს, ყველას, ვის ზურგსაც ეს უთანასწორო სისტემა აწვება: მობილიზდით სამუშაო ადგილებზე, უბნებში, სამზარეულოებში, შეუერთდით საერთო ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის და გააკეთეთ არჩევანი- ვის მხარეს ხართ თქვენ, მჩაგვრელების თუ თავისუფალი ადამიანების. ხვალ, 17:00 საათზე ვიწყებთ მსვლელობას, “საქართველოს ბანკის” ოფისიდან. შემოგვიერთდით: ვის მხარეს ხართ თქვენ!”- ნათქვამია “აუდიტორია 115”-ის განცხადებაში.
ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქცია მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები, “აუდიტორია 115”-ის სტუდენტები და რუსთავის აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებული მუშები იღებენ. მათი მოთხოვნაა, ახალი გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის იდეა, მაუწყებელზე გადაცემები ერთი წლით შეჩერდეს, ბორდმა არ მიიღოს. “მეტრონომის” კორესპონდენტი ადგილიდან მიმდინარე მოვლენებს გვაწვდის.