თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები იმ დადგენილების გაუქმებას გეგმავენ, რომლითაც “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნატა ნაზღაიძის ოჯახის წევრმა ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი და დაახლოებით ამავე ღირებულების ქონება მიიღო. მათი თქმით, მერიამ საკრებულო შეცდომაში შეიყვანა.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების ინფორმაციით, ზვიად ნაზღაიძე ვერეს ხეობაში მიწის ნაკვეთს ფლობდა, რომელიც სტიქიამ დააზარალა. თუმცა 2013 წლიდან ნაზღაიძე ნაკვეთის მფლობელი უკვე აღარ იყო.
ქონება საკრედიტო დავალიანების გამო საქართველოს ბანკის საკუთრებაში გადავიდა. 2016 წლის დეკემბერში კი ნაზღაიძემ არაკანონიერი გზით ბანკისგან ქონება გამოისყიდა, ხოლო შემდეგ მერიას სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების თხოვნით მიმართა. მერიამ მისი ნაკვეთის სტიქიამდე არსებული ღირებულების შესაბამისი თანხა გამოყო.
სტიქიამდე ნაკვეთი 971 000 ლარი ღირდა. სტიქიის შემდეგ კი მისი ღირებულება 23 000-მდე დაეცა. დეპუტატების თქმით, იმის გამო, რომ ნაზღაიძე ნაკვეთის მფლობელი სტიქიის დროს აღარ იყო, მას კომპენსაციის სახით 23 000 ლარი უნდა მიეღო.
დეპუტატების ბრალდებებს საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა. გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, შეტანილი დოკუმენტაცია ეჭვის საფუძველს არ იძლეოდა და საკრებულომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. “თუ კოლეგებს ამ გადაწყვეტილების ხელახლა განხილვა საჭიროდ მიაჩნიათ, საკითხზე ხელმეორედ ვიმსჯელებთ,” – აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.