„ჩვენთვის მიუღებელია მაუწყებლის შეჩერება 11 თვით“, – ამის შესახებ „მეორე არხის“ გენერალურმა დირექტორმა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ნდობის ჯგუფის წევრმა, დოდო შონავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენთვის მისაღებია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეფორმა და მოდერნიზება, ოღონდ დამუშავებული კონცეფციით და სამოქმედო გეგმით. ჩვენთვის მიუღებელია მაუწყებლის შეჩერება 11 თვით, თვითმმართველობის არჩევნების დროს და მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები იხილება. ნურავის ნუ ეგონება, რომ ჩვენ ცვლილებების წინააღმდეგი ვართ, ჩვენ წლებია ცვლილებებს მოვითხოვთ. ჩვენ მოვითხოვთ კომპეტენტურ მენეჯმენტს და ადამიანური რესურსებისა და ფინანსების მართლზომიერ მართვას, ჩვენ ვიწყებთ ძალიან სერიოზულ დოკუმენტზე მუშაობას, რომელსაც წარვუდგენთ საზოგადოებას და ბორდს. ამ დოკუმენტში გაწერილი იქნება ის პრინციპები, რომლითაც მიგვაჩნია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეტაპობრივი მოდერნიზება უნდა მოხდეს. ის, რომ ჩვენს ეთერში არ არის ღირებული პროდუქცია, ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ჩვენ ძალიან კარგი პროდუქტი გვაქვს, უბრალოდ, საჭიროა თავიდან ავიცილოთ დამოკიდებულება, რომელიც ვფიქრობ, მიზანმიმართულია იმისთვის, რომ მაყურებელმა იფიქროს, რომ აქ მართლაც „კარმუშკაა“, ანუ სახრავისთვის ვართ მოსულები“, – განაცხადა დოდო შონავამ.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით, დოდო შონავა პრემიერის მოსაზრებას იზიარებს და აცხადებს, რომ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს რეფორმების გატარებაში. 4
შეგახსენებთ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ რამდენიმე დღის წინ არხის 2017-2019 წლისთვის გაწერილი ხედვა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც დროებით უნდა შეჩერდეს მაუწყებელზე ყველანაირი გადაცემა, გარდა საინფორმაციო გამოშვებისა.