პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, თუ რატომ დაუჭირა მხარი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას, “საერთო სასამართლოების” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით:
“გუშინ პარლამენტის სხდომაზე ხმა მივეცი ვეტოს დაძლევას, ხოლო პრეზიდენტის წარდგენილ შენიშვნებს დავუჭირე მხარი. ასევე, მხარი დავუჭირე წარდგენილ მოსმამართლეთა კანონის უცვლელ ვერსიას…
ამას განმარტება სჭირდება:
მიმაჩნია რომ წარდგენილი მესამე ტალღის კანონპროექტი წარმოადგენს დიდ პროგრესს ჩვენ სასამართლო სისტემაში და ამის ხელოვნურად შეფერხება ქვეყნისთვის დანაშაულია.
ამავდროულად, პრეზიდენტის შენიშვნები (გარდა რეფორმის 15 მარტს ამოქმედებისა, რამეთუ მზადყოფნა აუცილებელია სწორი და ეფექტური ამოქმედებისთვის) გასათვალიწინებელი მიმაჩნია, მათ შორის უვადო დაწესება მოსამართლეების, საცდელი სამწლიანი ვადის გარეშე, მოსამართლეების მათივე კოლეგებისგან არჩევა და არა- იუსტიციის საბჭოს მიერ; იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის სხვა ფუნქციების შეთავსების აკრძალვა… ეს არავის მოგონილია და წარმოადგენს სწორედ იმ სტანდარტებს, რომლებიც დემოკრატიულ და დამოუკიდებელ სასამართლოს ამკვიდრებს, საითკენაც სწორედ მიდის არსებული კომპლექსური რეფორმა და გუშინ მიღებული კანონიც. ამიტომ არ მიმაჩნდა სწორი ყოფილიყო ამ შენიშვნების ვეტოს სახით წარდგენა – ვითომცდა კანონი არ ყოფილიყოს დემოკრატიული სტანდარტების სათანადო, ვითომცდა ამ შენიშვნების ბევრად ადრე წარდგენა შეუძლებელი ყოფილიყო, ვითომცდა ამ ეტაპების გავლის შემდგომ კანონში შეტანის საშუალებაც არ იყოს (რეფორმა ჯერ დასრულებული არაა) …
სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვეტო – ვითომც რამე საგანგაშო ხდებოდეს და არა- ჩვეულებრივი პროცესი, (ეს) ატარებს პოლიტიკურ ელფერს. პრეზიდენტი აქაც ცდილობს თავი აჩვენოს საზოგადოებას, როგორც დემოკრატიის და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დამცველმა – რაც უთუოდ უნდა იყოს, ოღონდ აქ არც დემოკრატია, არც მოსამართლეების დამოუკიდებლობა ისეთ საფრთხეში არ იყო, რომ პრეზიდენტი ამ ფორმით ჩარეულიყო. მისი ჩარევა, პირიქით, ხელს უწყობს სასამართლოს მიმართ უნდობლობას და არა -მის შემდგომ განვითარებას.
მოკლედ, ეს არის პოლიტიკური თამაში, რომელსაც ნაციონალები (კრებითი სიტყვა უფრო მოსახერხებელია) მხარს უჭერენ გასაგები მიზეზების გამო.
რაც მთავარია, ეს არის ის პოლიტიკოსობა სახელმწიფო მიდგომის ნაცვლად, რომელიც თავად ასუსტებს პრეზიდენტის ინსტიტუტს! მარტში კი წარდგება პრეზიდენტი პარლამენტის წინ და განგაშის ზარს შემოჰკრავს ამ ინსტიტუტის გადასარჩენად. იგივე ითქმის მისი ჩარევაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმეებში, როცა ჯერ არაფერი მოითხოვს ამას და ტყუილად, აქაც, ნაციონალური მოძრაობის აჟიოტაჟს უბამს მხარს.
როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის შენარჩუნების მომხრე, ვფიქრობ, ამ გაპოლიტიზირებულ ქმედებებით პრეზიდენტი თავისი პირველი მტერია!”-აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა “საერთო სასამართლოების” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დასძლია. კანონპროექტს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, 97 ხმით დაუჭირეს მხარი.
პრეზიდენტმა პარლამენტს კანონპროექტთან დაკავშირებით მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა, რომელშიც შედიოდა:
რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით თავად ამ სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ და ისინი იუსტიციის საბჭომ არ უნდა დანიშნოს; ერთი და იგივე პირს არ უნდა ჰქონდეს საშუალება, იყოს სასამართლოს თავმჯდომარე და ამავე დროს, პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე; უნდა გაუქმდეს მოსამართლეთა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება და მოსამართლეები უვადოდ დაინიშნონ; კანონი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობას აზუსტებს და მინიმალურ რაოდენობის განსაზღვრასთან ერთად, მოსამართლეთა მაქსიმალური რაოდენობასაც განსაზღვრავს. პრეზიდენტის შენიშვნები ასევე შეეხება მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევას და სხვა საკითხებს.