იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან პროკურატურის მიერ მოსამართლეების მიმართ გამოქვეყნებულ წერილებზე ისაუბრა:
„უკანასკნელი დღეების განმავლობაში მიდიოდა უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლესთან დაკავშირებით ზეწოლაზე საუბარი. გამოთქმული იყო ათასი სპეკულაციური ვარაუდი და საუბარი იყო, რომ მიდიოდა მათზე ზეწოლა. ასევე ასახელებდნენ კონკრეტულ პირებს. დღეს პროკურატურამ გამოაქვეყნა ის წერილები, რომელიც საგამოძიებო ორგანოს მოსამართლეებმა გადასცეს და გაირკვა, რომ აღნიშნულ მოსამართლეებზე არანაირი ზეწოლა, განსაკუთრებით სასამართლოს შიგნით, არ განხორციელებულა. სახელდებოდა კონკრეტული სახელები და გვარები, თუმცა მოსამართლეებიც დაიკითხნენ და მათაც არ დაუსახელებიათ არც ერთი გვარი და სახელი“, – განაცხადა მურუსიძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის განცხადებით, მოსამართლეებმა ყოფილი მაღალჩინოსნისგან მიიღეს წერილი, ხოლო დღეს გავრცელებული განმარტებით, წერილი დ. საყვარელიძემ გააგზავნა. უწყების ცნობით, მიმდინარეობს ძიება ამ პირის დასადგენად.
საქმე ეხება 14 იანვარს დაიწყებულ გამოძიებას სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების – ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე – უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები.