ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ნატა ნაზღაიძეს და მის ძმას ერთი თეთრიც არ აუღიათ“

„ჩემი მოსაზრებით, ნატა ნაზღაიძე საერთოდ არაფერ შუაშია, არც მას და არც მის ძმას, ერთი თეთრიც არ აუღიათ“-  ამის შესახებ ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა  ლევან მურუსიძემ განაცხადა.

ის „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნატა ნაზღაიძის მიმართ ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბრალდებებს აბსოლუტურ ცილისწამებად აფასებს.

„მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბატონ პრეზიდენტს და ყველას, ვინც დაინტერესებულია სასამართლო სისტემით, რომ შეფასება მისცენ აღნიშნულ ფაქტს, თუ რამდენად მორალურია და რამდენად ჯდება კანონის ფარგლებში, რომ მოსამართლის მიმართ გამოითქვას ისეთი ბრალდებები, როგორიც არის ქრთამის აღება იმ დროს, როდესაც ეს არ არის დადასტურებული. ვესაუბრე ნატა ნაზღაიძესაც, დავინტერესდი ამით, გავეცანი დოკუმენტებსაც. ჩემი მოსაზრებით, ნატა ნაზღაიძე საერთოდ არაფერ შუაშია, არც მას და არც მის ძმას, ერთი თეთრიც არ აუღიათ. თუ იქნება საუბარი ულტიმატუმების ენით, ეს დარჩება მხოლოდ გულის მოოხებად“, – განაცხადა მურუსიძემ.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში, ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი 1 მილიონი ლარის ქონება გადასცა.

იტვირთბა....