უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტზე გაკეთებულ პროკურატურის განცხადებას, რომ მათ წერილი დ. საყვარელიძისგან მიიღეს, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე, რომელიც ახლა უკრაინაში იმყოფება, “კურიერთან” პასუხობს:
“კომიკურიდან ტრაგიკულში გადავიდა ყველაფერი. ძალიან გული მწყდება, რომ სიმწრით ნაშენები ქვეყანა და ინსტიტუტები ასეთი პრიმიტიული, ბოროტი ადამიანების ხელში აღმოჩნდა. ერთი უზუსტობა დაუშვა, სხვათაშორის, პროკურორმა-უნდა ეთქვათ, რომ წერილი მტრედებს გავატანე. გული მწყდება, რომ პროკურატურაში, სამწუხაროდ, კომპეტენტურიადამიანი აღარ დარჩა. აქ ვგულისხმობ ყველა ხელმძღვანელს. უნამუსობა და სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ახლა ისინი აკეთებენ. ვინმემ ხომ უნდა თქვას სუსიდან თუ შუშის სახლიდან ჩამოტანილ მასალებზე, რომ დაგვცინებს ხალხი, არავინ არ დაგვიჯერებსო”-განაცხადა დავით საყვარელიძემ “კურიერთან”.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის განცხადებით, მოსამართლეებმა ყოფილი მაღალჩინოსნისგან მიიღეს წერილი, ხოლო დღეს გავრცელებული განმარტებით, წერილი დ. საყვარელიძემ გააგზავნა. უწყების ცნობით, მიმდინარეობს ძიება ამ პირის დასადგენად.
საქმე ეხება 14 იანვარს დაიწყებულ გამოძიებას სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების – ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე – უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები.