“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აფასებს. მისი თქმით, ვეტოს შინაარსი ბევრი კითხვისა და კრიტიკის მატარებელია. ამავდროულად, ბესელიას განმარტებით, უმრავლესობას ვეტოს დაძლევის თვალსაზრისით, წინასწარ გამოხატული პრინციპული პოზიცია არ აქვს:
“მითხარით ლოგიკა სად არის, როცა ვამბობთ, რომ იმავე საბჭოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის არჩევის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ამასთან, საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეები ფარული კენჭისყრით, თავად ირჩევენ, ვინ უნდა იყოს იუსტიციის საბჭოში. ასეთი ჩარევა, რომ ჩვენ ავუკრძალოთ მოსამართლეს, რომ ეს კატეგორია შეიძლება იყოს არჩეული, ხოლო მეორე კატეგორია არ შეიძლება იყოს არჩეული, რაც პრინციპულად მოსამართლეთა თავისუფალი ნების გამოხატულებაში ჩარევად მიმაჩნია. ბევრი კითხვა გვაქვს ჩვენ. ვეტოს დაძლევის თვალსაზრისით, წინასწარ გამოხატული პრინციპული პოზიცია კი არ გვაქვს, უბრალოდ ეს ვეტო თავისი შინაარსით ბევრი კითხვისა და კრიტიკის მატარებელია. ასევე ბევრი წინააღმდეგობაა”, – განაცხადა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ პროექტზე მსჯელობენ.