უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ შაჰინის სახელობის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება გაუგებარია და ის სკოლა-ლიცეუმის საკითხს სწავლობს.
ნანუაშვილის განცხადებით, მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე არ უნდა აისახოს და ამით მოსწავლეების ინტერესები არ უნდა დაზიანდეს.
“ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. თვეების წინ არაერთხელ იყო საუბარი, მათ შორის განათლების მინისტრის მხრიდან, რომ რეალურად, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, რომელიც მეზობელ სახელმწიფოში ხდება, საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე არ უნდა აისახოს.
ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრირებული სკოლაა, აქვთ ლიცენზია და შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით მოქმედებენ. საზოგადოებრივი ინტერესი გაცილებით მაღალია და არავის უნდა შეეზღუდოს მსგავსი საქმიანობის უფლება. თუ არის შეზღუდვა, რა თქმა უნდა, ეს დასაბუთებული უნდა იყოს”, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭომ 3 თებერვალს შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმა, თუმცა ამის მიუხედავად, სკოლაში სასწავლო პროცესი გრძელდება.