ადეიშვილთან ჩემი საუბარი დამონტაჟებულია, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საუბარი სხვადასხვა ჩანაწერებიდან არის აღებული, ხოლო ადეიშვილის ხმა არის თუ არა ნამდვილად მისი, ამის თქმაც არ შეუძლია:
“სუს-ს მადლობას ვერ ვეტყვი ყურადღებისთვის, რადგან ეს უკვე დანაშაულია. კითხვის ნიშნები მრჩება სახელმწიფო უშიშროებაზე მუშაობას როდის ასწრებენ, რადგან სულ ჩემზე არიან გადმორთულები.
გუშინდელი სიუჟეტის მერე, სადაც ნაჩვენები იყო მოსამართლე ნაზღაიძის ძმამ ქრთამი როგორ აიღო, ამის გადასაფარად დინამიურად იმუშავა სუს-მა ამ ჩანაწერის გავრცელებით, მაგრამ მაინც მოუწევთ პასუხის გაცემა და ამას ვერ გადაფარავენ. მითუმეტეს რომ ეს საუბარი ჩემი არ არის, დამონტაჟებული და აღებულია სხვადასხვა საუბრებიდან. რაც ვიცანი, ოთხი-ხუთი საუბარია, რაც ვერ ვიცანი-კიდევ ვერ ვხდები როდის ვისაუბრე. ადეიშვილთან, მინიმუმ ორი წელი, არ მისაუბრია. ტელეფონით კი არასდროს გვისაუბრია, პირისპირ საუბარი შემდგარა.
მამუკა ახვლედიანი ჩემ ინტერესს არასდროს წარმოადგენდა. მას “რუსთავი 2”-ის ან ჩემ საქმესთან შეხება არ ჰქონია. მოგეხსენებათ, სასამართლომ გამამართლა. სამმა ინსტანციამ. როგორც ჩანს, სახელმწიფო იქით წაიყვანს საქმეს, რომ მე ქრთამი მივეცი ახვლედიანს, რაც სიცრუეა. რაც შეეხება ამ ჩანაწერს, ვიმეორებ, რომ ეს არ არის ჩემი და ადეიშვილის საუბარი. არის თუ არა ეს ადეიშვილის ხმა, მე ვერ დავადასტურებ ან ვერ უარვყოფ, მაგრამ თუ არის, სხვადასხვა ადამიანებთან საუბრის შედეგად არის აღებული.
ალბათ უფრო მეტსაც იხილავს მაყურებელი უახლოეს დღეებში, მაგრამ არ გამოვა, მე არ “გავიწევი”.
ტელეფონზე არცერთ ამგვარ საქმეზე არ ვსაუბრობ. მამუკა ახვლედიანს არანაირი საქმე არ გაუკეთებია, სამწუხაროდ, ამიტომ ვერ შეეხებოდა საუბარი მას.
პირდაპირ ვამბობ, რომ მოსამართლე ნაზღაიძესთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან კორუფციული გარიგების ღია ნიშნებია. “-განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული გამოცემა “უკრაინული რევოლუცია” საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერს აქვეყნებს.
ჩანაწერში მოსამართლეებზე ზეწოლასა და ქრთამის სახით, სამი მილიონი დოლარის მიცემაზეა საუბარი.
საუბარში ნახსენებია საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი.
ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ არ არის დადასტურებული.
რაც შეეხება მოსამართლე ნაზღაიძის საქმეს, ოპოზიცია კორუფციულ გარიგებას უწოდებს რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახთან სახელმწიფოს მხრიდან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ნატა ნაზღაიძის ძმამ სახელმწიფოსგან მილიონი ლარი მიიღო, გასტუმრებული საბანკო კრედიტის და მიწის სახით.
“თბილისის მერიის მხრიდან საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობის გაფლანგვასთან და ამ საკითხზე გამოძიება უნდა ჩატარდეს, მეორეს მხრივ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მეორე მხარეს არის მოსამართლის ძმა, ძალიან დიდია და დასაბუთებულია ეჭვი, რომ ეს ყველაფერი არის ჯილდო იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელსაც ის იღებდა რუსთავი 2-ის საქმესთან მიმართებაში,“ – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის მდივანმა, ირაკლი აბესაძემ.
https://www.youtube.com/watch?v=phQ4hqT9vbE