სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული გიორგი გიუნაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს:
„2017 წლის 3 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს 20 წლით თავისუფლების უკანონო აღკვეთა მიუსაჯა.
ე.წ. სასამართლოს ,,გადაწყვეტილება”, ისევე როგორც გიუნაშვილის მიმართ წაყენებული ,,ბრალდებები”, არის გამოგონილი და ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს ყველაფერს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად.
უსაფრთხოების სამსახური აქტიურად გააგრძელებს აღნიშნული საკითხის განხილვას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) შეხვედრების ფარგლებში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიუნაშვილის საქმის დეტალები უკვე მიაწოდა ყველა სახელმწიფო უწყებას, რათა აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გიუნაშვილს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 20 წლით პატიმრობა შეუფარდა. ოჯახი დახმარებას ითხოვს.
საქმე ეხება სოფელ დისევის მკვიდრ, 1978 წელს დაბადებულ გიორგი ლევანის ძე გიუნაშვილს, რომელიც საოკუპაციო ძალებმა 2016 წლის 8 ივნისს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. როგორც მარიონეტული რეჟიმი ამტკიცებს, ის დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებული 2004 წლიდან „იღებდა აქტიურ მონაწილეობას ქართული სპეცსამსახურების კონტროლირებად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში – ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის ე.წ. „თავდაცვის ჯგუფში“.
მარიონეტული რეჟიმის ცნობით, დაკავებული გიუნაშვილი 2007 წელს ხელყუმბარის აფეთქებაშია ეჭვმიტანილი. ასევე, 2008 წლის 11 აგვისტოს, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა ოსური მხარის სამხედროები, რომლებიც სოფლის მიმდებარედ პატრულირებას ახორციელებდნენ, რასაც ერთი სამხედრო ემსხვერპლა, კიდევ ერთი მძიმედ დაშავდა.