ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ნაციონალური მოძრაობა” სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საზოგადოებას მოსამართლეთა დასაცავად გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამართლეები ღიად საუბრობენ იმ მანკიერ სისტემაზე, რომელიც არათუ იცავს მოქალაქეთა უფლებებს, არამედ ებრძვის თავისუფალ მედიას და დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მოქალაქეებს. ეს ნათლად ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს გააუქმოს სახელმწიფო და ყოველივე ამის შემხედვარე დაუშვებელია დუმილი. მე მოვუწოდებ ყველა პროფესიულ ჯგუფს, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, საზოგადოებას რომ გავერთიანდეთ, როგორც არასდროს. ახლა საჭიროა ერთსულოვნება, ერთ მუშტად შეკვრა. როგორც რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მაგალითი ვაჩვენეთ  გია ცერცვაძის გარშემო მოხდა კონსოლიდაცია, ასეთვე კონსოლიდაციაა ახლა საჭირო მოსამართლეების დასაცავად.

მივმართავთ პრეზიდენტს, რომ მისი კონსტიტუციური ვალდებულებების ფარგლებში აუცილებლად დაიცვას მიუკერძოებელი მოსამართლეების უფლებები. ძალიან საინტერესოა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

“ნაციონალური მოძრაობა”  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს.

„გვაქვს კატეგორიული მოთხოვნა, ბატონი გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან ვინაიდან უკვე ნათლად არის ის მოცემულობა, როდესაც ბატონი გომელაური არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი ივანიშვილის. ამიტომ არანაირი უფლება  არ აქვს ბატონ გომელაურს, იყოს იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ახორციელებს დაუფარავად , ღიად ზეწოლას მოსამართლეებზე,“-აცხადებს მელია.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც ”რუსთავი 2”-ის საქმეს განიხილავენ, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს.

იტვირთბა....