პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს სოციალურ ქსელში ნარკოტიკების მოხმარებისთვის დაკავებული პირების სასამართლო პროცესის შესახებ.
“ამ პოსტს ვწერ იმათთვის ვინც ეწინააღმდეგება იმას, რომ ამ ქვეყანაში შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა და ადამიანებს აღარ სჯიდნენ რაიმე ნარკოტიკის ქონის, ან მოხმარების გამო.
განსაკუთრებით იმათთვის,ვინც აქ, ამ გვერდზე და პირად მიმოწერაში უკვე თვეებია ტვინს მ……თ, მე ვეწევი ნარკიტიკების მოხმარების პროპაგანდას
და იმათთვის ვინც გამუდმებით იმეორებთ, “უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ვერ ნახეთ ამ ქვეყანაში”?
ახლა დავბრუნდი ზურა ქავთარაძის და ნიკა წერეთლის სასამართლოდან. ამ ადამიანებს არასოდეს არავისთვის ზიანი არ მიუყენებიათ, არასოდეს!
ისინი დააკავეს იმიტომ, რომ აღმოაჩნდათ კანაფი და ლიზერგინის მჟავა
და ამ ადამიანებს ემუქრებათ სამუდამო პატიმრობა. სამუდამო!
სასამართლოს დარბაზის ერთ მხარეს იჯდა ორი კეთილშობილი, მშვიდი ადამიანი, რომელთაც არ ესმით რას ერჩით მათ სახელმწიფო. მეორე მხარეს – გაბღენძილი, გათავხედებული პროკურორი, რომელიც მთელი პროცესის განმავლობაში გაირღვა მთქნარებით და ფრჩხილების კვნეტით პროკურორი, რომელსაც ჰაბიტუსზე აწერია, რომ მეტნაკლები რეგულარობით მოიხმარს ალკოჰოლს, ითხოვს იმ ადამიანების ციხეში ჩასმას, რომლებიც მოიხმარენ კანაფს და ლიზერგინის მჟავას.
ამ ორ მხარეს შორის განსხვავება მხოლოდ იმაშია რომ ეთანოლი ამ ქვეყანაში ლეგალურია და ყველა კუთხეში იყიდება, ხოლო კანაბინოლები და ლიზერგინის მჟავა არალეგალურია და მათ გამო პოლიცია დაგდევს, მთელი სახელმწიფო მანქანა დაზეთილი მუშაობს, რომ ორი უწყინარი ადამიანი, მათ შორის ერთი ორი შვილის მამა, მეორე – სამის, რაიმეს დიდებით გამოკეტოს ციხეში. მოსამართლე, სხდომის მდივანი, 4 ბადრაგი, პროკურორი, 2 მანდატური, საწვავი, სასამართლოს დარბაზი, ელ.ენერგია, გათბობა და კაცმა არ იცის კიდევ რა მთელი ეს რესურსი იხარჯება რისთვის? იმისთვის რომ 2 ადამიანი მოვამწყვდიოთ 4 კედელს შორის? და რამდენი ასეთი ადამიანი და ასეთი პროცესია ამ ქვეყანაში ყოველდღე?
და ამ ყველაფერში ჩვენ ვიხდით ფულს! შეიძლება აცნობიერებდე, რომ ამ საგიჟეთს შენ აფინანსებ და გააგრძელო უდრტვინველად ცხოვრება?
შეიძლება ოდნავი იმედი მაინც გქონდეს, რომ სასამართლოს ოდესმე ეშველება როდესაც ხედავ რომ პროკურორს და მოსამართლეს სინდისი არ გააჩნიათ და უბრალოდ ტვინის გაუნძრევლად შეიძლება გასწირონ ადამიანები სამუდამო პატიმრობისთვის, ან რამდენიმე წლიანი ციხისთვის მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ უვიცმა და დედა…..მა პოლიტიკოსებმა ოდესღაც რომელიღაც კანონში ჩაწერეს არადამიანური იდიოტობები?
ჰოდა, თქვენ, ვინც დღემდე ვერ მიხვდით რისთვის ვიბრძვი მე, რისთვის იბრძვის გირჩი, რისთვის იბრძვიან სხვები როდესაც ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ და ცვლილებებს ითხოვენ, ხართ ან უტვინოები, რადგან შიმპანზეს ინტელექტი ეყოფა იმის მიხვედრას, რომ ეს სისტემა არის არაადამიანური, ან უბრალოდ ხართ ნაბიჭვრები…
ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რომელია სიმართლე, მე ამ სისტემას მაინც შევცვლი.
რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს და რა სისულელეების კეთებაც არ უნდა მომიწიოს. შანსი არაა, ჩემი შვილები დავტოვო ამ რეალობაში და მათ საომრად დავტოვო ეს ბოროტი აბსურდის თეატრი. ადამიანი არის თავისუფალი. რასაც უნდა იმას უზამს საკუთარ სხეულს და სიცოცხლეს თუ სხვას არ აყენებს ზიანს. მანამ სანამ სახელმწიფო პატივს არ სცემს ადამიანის თავისუფლებას, ნურავის გექნებათ იმედი რომ ეს ადამიანები პატივს სცემენ ამ სახელმწიფოს და მანამ, სანამ ამას არ გაიაზრებთ, გაიკეთეთ ერთ ადგილას თქვენი ყალბი პატრიოტული შემართება” – წერს ჯაფარიძე.